“არქი ჯგუფი” სტუმარმასპინძლობის სექტორში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს – საკითხზე ჰოლდინგის დამფუძნებელმა ილია წულაიამ გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, “არქი” ქობულეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს განვითარებაზე მუშაობს, რისთვისაც სასტუმროს ოპერატორი იქნება ბრენდი, რომელიც ჯერ საქართველოში არ საქმიანობს და მისი შემოსვლისთვის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
ქობულეთის პროექტის გარდა, “არქი ჯგუფი” ბათუმში Ramada Encore-ის ბრენდით აპარტოტელის განვითარებაზე მუშაობს, ამასთანავე კომპანიას აქვს გეგმა სიონის ტბის გარშემო შექმნას 4-სეზონიანი კურორტი, სადაც Le Meridien-ის ბრენდის სასტუმრო და ვილები განთავსდება.
“ბათუმში დავიწყეთ ბრენდული აპარტამენტის მშენებლობა, ვინჰემის ჯგუფთან ვაკეთებთ “რამადა ენკორის” ბრენდს, გარდა ამისა ქობულეთში საკმაოდ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. ბრენდთან ახლა მოლაპარაკებას ვხურავთ და ისეთი ბრენდის შემოყვანა გვინდა ქვეყანაში, რომელიც საქართველოში არ არის და საერთაშორისოდ ძალიან ცნობილია. დავხურავთ მოლაპარაკებას და განვაცხადებთ ამის შესახებ.
გარდა ქობულეთისა და ბათუმისა ვაშენებთ პროექტს სიონის ტბასთან, რომელიც იქნება “ლე მერიდიენის” ტიპის კურორტული ტიპის სასტუმრო, რომელიც როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის კურორტი იქნება ღია და დახურული აუზებით. ადგილზე აპარტამენტები და ვილები იქნება. შესაბამისად, ძალიან დიდი კომპლექსი შეემატება საქართველოს. მჯერა, რომ ეს იქნება ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც საქართველოს მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის”, – განაცხადა ილია წულაიამ გადაცემა “ბიზნესის კვირეულში”.
საჯარო რეესტრის თანახმად, “არქი ჯგუფმა” ქობულეთში ზღვის სანაპიროსთან მდებარე 19,767 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ყოფილი სასტუმრო “კოლხეთი” იყო განთავსებული 2019 წელს შეიძინა. პროექტის განმახორციელებელია შპს “ქობულეთი კაპიტალი”.
Bm.ge