უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მზადაა, თანამდებობა მშვიდობის ან უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დატოვოს.
ზელენსკის თქმით, არ აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ არ დაუშვებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხელისუფლებაში რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იყოს.
კითხვაზე, მზად არის თუ არა ის, დატოვოს პრეზიდენტობა, თუ ამას მშვიდობა მოჰყვება, ზელენსკიმ უპასუხა: „თუკი მშვიდობისთვის უკრაინაში თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ჩემ მიერ პოსტის დატოვება, მაშინ მზად ვარ. ან მეორე, შემიძლია ნატოში გავცვალო პრეზიდენტობა ახლავე“.
ზელენსკის თქმით, კომპლიმენტად არ მიუღია, თუმცა არ განაწყენებულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების გამო. დონალდ ტრამპმა მას უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე“.
„გაბრაზდებოდა ის, ვინც დიქტატორია. დიქტატორობას ნამდვილად არ ვაპირებ. უბრალოდ არ არის საინტერესო. მე ვარ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, მე არ მოვსულვარ ხელისუფლებაში რაიმე ძალის მეშვეობით. მე ამირჩია 73%-მა. საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ არჩევნები იქნება და ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე უარყო ტრამპის განცხადება, რომ უკრაინაში ომის დასრულება ერთ კვირაში არის შესაძლებელი.
მან აღნიშნა, რომ წიაღისეულზე შეთანხმების სანაცვლოდ აშშ-საგან სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რადგან მას არ სურს, ხელი მოაწეროს პირობებს, „რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“.
ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება არის 100 მილიარდი, რომელიც გრანტის სახით იყო გამოყოფილი და ვალად არ მიიჩნევს; და არ აპირებს 500 მილიარდიანი დავალიანების აღიარებას, ვინც რა უნდა თქვას.
