ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს – ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ინიცირებული და დაჩქარებული წესით მიღებული შემზღუდავი კანონმდებლობა.
„ეს არის, სინამდვილეში „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიცაა დაინიცირებული,“- განაცხადა კობახიძემ.
“ყველა ნახავს, რომ „ფარას“ ზუსტი თარგმანია, ვინმეს თუ რაიმე პრეტენზია ექნება ტექსტის ნებისმიერ სიტყვასთან, მძიმესთან, წერტილთან – პირველი, მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეორე, გვითხრან, რა არ მოსწონთ ამერიკულ სისტემაში. სიამოვნებით მოვისმენთ, ამ მხრივ რას უწუნებენ ამერიკულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში მომავალ კვირას „ფარას“ ამერიკული კანონის პროექტის განხილვა დაიწყება.
„რაც შეეხება „ფარას“ ამერიკულ კანონს, ის დაინიცირებულია, ჩვენ მომავალ კვირას დავიწყებთ პროექტის განხილვას. ყველა ნახავს, ეს არის ზუსტი თარგმანი. ვინმეს თუ რაიმე პრეტენზია ექნება ტექსტის ნებისმიერ სიტყვასთან, მძიმესთან, წერტილთან – პირველი, მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეორე, გვითხრან, რა არ მოსწონთ ამერიკულ სისტემაში. სიამოვნებით მოვისმენთ, ამ მხრივ რას უწუნებენ ამერიკულ სისტემას. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი შიგნით და გარეთ, ამაში ჩართული იყვნენ – უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, ზოგიერთი ელჩი, რომ „გამჭვირვალობის კანონისთვის“ ძირი გამოეთხარათ და მის გარშემო შეექმნათ აბსურდული კონსპირაციები, დეზინფორმაცია, ცრუ ნარატივები გაევრცელებინათ. კი ბატონო, აგერ არის ამერიკული კანონი – სიტყვა-სიტყვით, მძიმე, წერტილით იდენტური. რაიმე თუ აქვთ პრეტენზია ამერიკის შეერთებული შტატების სისტემასთან, ესეც მოგვახსენონ, მაშინ ჩვენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებულ სხვა კანონპროექტებზეც ისაუბრა, მათ შორის „მედიის შესახებ კანონზე“. პაპუაშვილის განმარტებით, ბრიტანული სტანდარტების მიხედვით შეიქმნება „მედიის კანონი“, რომელშიც „სიახლე არაფერი იქნება“.
„რაც შეეხება „მედიის კანონს“, სინამდვილეში ხო აქ არაფერი სიახლე არ იქნება, ხო? – ის რაც არის ჟურნალისტური სტანდარტი, ეს ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ, ეს ყველაფერი მივიწყებულია და ზოგს სურს, რომ ჟურნალისტური სტანდარტების მიღმა ჩვეულებრივად პოლიტიკური აქტივისტები შექმნან ჟურნალისტებისგან და არა ის, რომ მათ ჟურნალისტიკური საქმიანობით მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებას. ამიტომ აქაც სინამდვილეში სიახლე არაფერია, თუმცა ბრიტანულ სტანდარტს, რასაც ჩვენ ვგულისხმობდით, ზუსტად ამ სტანდარტით მივუდგებით, ამ საკითხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იქნება ობიექტური შემფასებელი და ვინ შეაფასებს მედიას, კონკრეტულ ჟურნალისტს, რაზეც პაპუაშვილი ამბობს, რომ „ზოგადად, ტყუილ-მართლის გარჩევა არ არის რთული, როდესაც ადამიანს ეს სურს“.
„დღესაც ეს სტანდარტები მოქმედებს. არ ვიცი, კონკრეტულად თქვენს ტელევიზიაში არის თუ არა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს. დღესაც, „მაუწყებლობის შესახებ კანონშიც“, ეს სტანდარტები გაწერილია, აქ ახალი არაფერია. გვაქვს სტანდარტები, რომელიც არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს. ყველა ვთანხმდებით, რომ ჟურნალისტური სტანდარტები არსებობს, ვიცი რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს. არ მოქმედებს იმიტომ, რომ მინდობილია თვითრეგულაციას და არ სურს მედია სამყაროს, რომ ამ სტანდარტების დაცვა თავად უზრუნველყოს. ყველა კანონით ვთანხმდებით, რომ არის სტანდარტი და ამ სტანდარტებს ვერ იცავენ თავად მედია ორგანიზაციები თვითრეგულაციით, რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფო ვალდებულია, რომ შესაბამისი რეგულაცია შემოიღოს.
ხვალ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, ჩვენ ახალს ისეთს არაფერს ვიგონებთ, რომელიც არ არსებობს რომელიმე ქვეყანაში და მით უმეტეს, ვამბობთ, რომ იქნება ბრიტანული სტანდარტი. რა თქმა უნდა, ყველაფერზე იქნება სასამართლო კონტროლი, ამიტომ იქნება სრულად გამართული, დემოკრატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
