,,შემდეგი 2 წლის განმავლობაში იქნება ე.წ. ბუმი მზის ენერგიის ათვისების თვალსაზრისით. ვინაიდან, ეს არის ყველაზე ხარჯსარგებლიანი და მიმზიდველი ბიზნესისთვის“ – მაია მელიქიძე

,,შემდეგი 2 წლის განმავლობაში იქნება ე.წ. ბუმი მზის ენერგიის ათვისების თვალსაზრისით. ვინაიდან, ეს არის ყველაზე ხარჯსარგებლიანი და მიმზიდველი ბიზნესისთვის“ – მაია მელიქიძე
ქვეყნის ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთ ელექტროსადგური მიუერთდება. ჯამური სიმძლავრე 10 მგვტ.-ია. ელექტროგადამცემ ქსელში მზის ენერგიის ინტეგრაცია საქართველოში პირველად განხორციელდება.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მზის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევა. შედეგად ქვეყანა ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადავა.
,,აქამდე არასდროს არ ყოფილა, რომ მზის ელექტროსადგური ჩართულიყო ქსელში. ეს იქნება პირველი შემთხვევა. აქამდე ძირითადად იყო მიკრო ელექტროსადგურები. ვგულისხმობ ნეტო აღრიცხვის ჭრილში, რომელმაც დაახლოებით 200 მეგა ვატამდე მიაღწია. საუბარია, 500 კილოვატამდე მიკრო ელექტროსადგურების ჩართვაზე ქსელში, ოღონდ ეს იყო ნეტო აღრიცხვით. ჩვენ ახლა გადავდივართ ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ ის, რომ აქამდე არასდროს არ ყოფილა, რომ მზის ელექტროსადგური მოცულობითი სიმძლავრით ჩართულიყო ქსელში და დამატებოდა ჩვენს დადგმულ სიმძლავრეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მზის ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში.“- აცხადებს მაია მელიქიძე.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოს მზის ენერგიის გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. წლის განმავლობაში 257 დღე მზიანია, რაც ენერგიის გენერირების კარგი შესაძლებლობაა. მაია მიქელაძე ელის, რომ 2 წლის განმავლობაში მზის ენერგიის გამოყენების მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან ის ქართან და წყალთან შედარებით მეტად ხარჯსარგებლიანია.
,,მეცნიერულად არის დამტკიცებული და კვლევები არის ჩატარებული, რომ 365 დღიდან 257 დღე გვაქვს მზიანი. შესაბამისად, ქვეყანა განიხილება როგორც მაღალი პოტენციალის მქონე მზის ენერგიის თვალსაზრისით და შესაბამისად, ელექტროენერგიის გენერაციის შესაძლებლობა ისეთი განახლებადი ენერგო წყაროსგან, როგორიც არის მზის ენერგია, საკმაოდ მაღალია. ჩვენ ველოდებით, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში იქნება ე.წ. ბუმი მზის ენერგიის ათვისების თვალსაზრისით. ვინაიდან, ეს არის ქართან და ჰიდროსთან შედარებით ყველაზე ხარჯსარგებლიანი და მიმზიდველი ბიზნესისთვის. ჰიდროს ჭრილში ათვისებული გავქვს პოტენციალის 25%, ქარის თვალსაზრისით ათვისებული გვაქვს 1,2%, ხოლო მზესთან მიმართებაში დაახლოებით 2%-ს ვუახლოვდებით. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ველოდებით ამ მონაცემს.“- აცხადებს მაია მელიქიძე.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგოწყაროების გამრავალფეროვნება და ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების ზრდა, თუ გვინდა რომ ევროპის მიმართულებით ექსპორტი განვახორციელოთ.