შემდეგი ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 101-101 მილიონი ლარი იქნება. ეს თანხა რამდენიმე მილიონით მეტია ვიდრე, საქართველოში არსებული ყველა კერძო ტელევიზიის შემოსავალი ერთად. მათ შორის, “იმედის”, “რუსთავი 2”-ის, “მთავარი არხის”, “ფორმულის”, “TV პირველის” და კიდევ ათეულობით არხის.
2022 წელს ყველა კერძო ტელევიზიის შემოსავალი 73,6 მილიონი ლარი იყო.
იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მომავალი ორი წლის განმავლობაში აღარ გაიზრდება, არხის მენეჯმენტმა თანხები ისე გადაანაწილა, რომ რამდენიმე პროექტი 2024 წლის იანვრიდან იხურება.
“კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით”, – ეწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში, რომელიც 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.
მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი ახალი წლიდან უნდა ამოქმდდეს, ორი კვირით ადრე, 14 დეკემბერს კი სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტს დაუმტკიცა წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი. მასში არ იყო დეტალურად ახსნილი, რის ხარჯზე დაიზოგება მომავალი წლიდან თანხა.
15 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ წყარომ აცნობა, რომ მაუწყებელზე იხურებოდა რამდენიმე პოპულარული გადაცემა. მათ შორის “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”, რომლის წარმოებაც არხს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე სხვა გადაცემები.
საჯაროდ იძებნება საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში. ეს დოკუმენტი წარმოდგენას ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ხარჯზე.
რა ჯდებოდა გადაცემები, რომელიც 2024 წლიდან ეთერში აღარ გავა:
- ტელესკოლა – 1 179 781 ლარი;
- „დღის კოდი“ – 461 096 ლარი;
- „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ – 131 432 ლარი;
- „ფერმა“ – 155 486 ლარი;
- „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ – 55 000 ლარი;
- „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“ – 143 194 ლარი;
- „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“ (ანგარიშში თანხა არ წერია);
- „კაცები PLAY“ – 275 000 ლარი.
“ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან…” – ეწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში, რომელიც 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.
ორი დღით ადრე, არხის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა კი თქვა, რომ ჯამში 9 მილიონია ის თანხა, რომლის დაზოგვაც უწევს მაუწყებელს.