„მწვანე სკოლის“ დამფუძნებლის ბაკურ სულაკაურის თქმით, შემდეგი კამპუსის გახსნის გეგმამ ერთი წლით გადაიწია. ამის მიზეზი კი, შესაბამისი უძრავი ქონების პოვნის პროცესის გართულება გახდა. როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ახალი კამპუსის გასახსნელად განიხილება გლდანი, ვარკეთილი და ორთაჭალა.
„შეფერხების მიზეზი ისაა, რომ ვერ ვიპოვეთ ჩვენი სტანდარტების შესაბამისი შენობა და სივრცე. ჩვენს სკოლას კონკრეტული მახასიათებლების მქონე ტერიტორია სჭირდება. მაგალითად, თუ შენობას გარშემო მიწა და ეზო არ აქვს, არ განვიხილავთ მის შეძენას. შესაბამისად, ძალიან ძნელია ისეთი უძრავი ქონების პოვნა, რომელიც ჩვენს სტანდარტს აკმაყოფილებს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ სავარაუდოდ, კიდევ ორი წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ „მწვანე სკოლას“ 2-3 ახალი კამპუსი შეემატოს.
ამჟამად, “მწვანე სკოლის” ოთხივე კამპუსი თბილისში მდებარეობს, შემდეგი კამპუსების გახსნის გეგმაც დედაქალაქს უკავშირდება.
„თბილისს მანამ არ მოვრჩებით, სხვა ქალაქებზე გადასვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ინვესტიციას, ბაკურ სულაკაურის თქმით, კონკრეტული თანხის დასახელება ახლა შეუძლებელია, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებული იქნება თავად იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც საბოლოოდ შეირჩევა ახალი კამპუსის გასახსნელად.
ცნობისთვის, „მწვანე სკოლის“ ოთხივე კამპუსის მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა დაახლოებით 5000-ია, მასწავლებელთა რაოდენობა – 500-მდე, ხოლო თანამშრომელთა ჯამური რაოდენობა 760-ზე მეტი. ბაკურ სულაკაურის თქმით, ეს მონაცემები მზარდია – მაგალითად, საშუალოდ ყოველწლიურად “მწვანე სკოლის” მოსწავლეთა რაოდენობა 500-700-ით იზრდება.
