შემგროვებლობა 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია – ველურ ბუნებაში შექმნილი ჩაის ისტორია
ჩაი თუ ყავა?- ალბათ ყველას ხშირად გვიწევს სტუმრად ყოფნის დროს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ქართველები მაინც უფრო ყავას მოყვარულები ვართ. ის უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ჩაი. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. საქართველოში ჩაის კულტურა ძლიერად იყო განვითარებული და წინაპრებს ჩაის მრავალფეროვანი რეცეპტები ჰქონდათ, რომლებითაც ისინი განსხვავებული არომატების მქონე სასმელს აყენებდნენ. ტრადიციული გემოები თანამედროვე მიქსებში ამირან გელაშვილმა გააერთიანა და კომპანია ,,მეველე“ დააფუძნა. ბორჯომში მდებარე საწარმო მომხმარებლებს ველურ ბუნებაში შეგროვებული მცენარეებისგან დამზადებულ ჩაის 6 სახეობას, თავის მოვლის ზეთებს, ხელის ბალმებსა და 2 სახეობის ჯემს სთავაზობს.
კომპანიის დამფუძნებელი ამირან გელაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ნედლეულის 90% ველურ ბუნებაში მოიპოვება, რომელსაც სეზონურად ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში კრეფენ და აგროვებენ. „მეველე“ სეზონზე 15-მდე ადგილობრივს ასაქმებს.
,,ჩვენი ნედლეულის 90% ველურ ბუნებაში იკრიფება, რადგან ველურ ბუნებაში მაქსიმალურად სუფთა ნედლეულის მოპოვება არის შესაძლებელი. ზოგადად ჩვენი კონცეპტი უკავშირდება ხელუხლებელს, მაქსიმალურად ადამიანის ჩარევისგან დაცული მცენარეების მოპოვებას. თუმცა არის კონკრეტული მცენარეები, რომლებიც ველურ ბუნებაში ნაკლებად გვხვდება ან რთულია მათი მოპოვება, ამიტომ გვაქვს პატარა სივრცე, სადაც მცენარეების კულტივაციას ვახდენთ. სეზონურად ვასაქმებთ ბორჯომის მიმდებარე მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც დაბინძურება არ არის. არ ვიბარებთ ნედლეულს მომწოდებლებისგან, ვინაიდან ვერასდროს ვერ გაიგებს კომპანია, სად არის უშუალოდ ეს პროდუქტი დაკრეფილი. ჩვენ არ გვაქვს მასობრივი წარმოება. არ ვამზადებთ ინდუსტრიულ პროდუქტებს. პროდუქტებს ვაკეთებთ ლიმიტით, ვინაიდან ჩვენი მიზანია მანქანა დანადგარების მინიმუმამდე შემცირება. მასობრივი წარმოების პროდუქტი ხშირ შემთხვევაში კომერციაზე არის გათვლილი და არა ხარისხზე.”- აცხადებს ამირან გელაშვილი.
ველურ ბუნებაში შემგროვებლობას მაისიდან იწყებენ. ამ პერიოდში ფოთლებს იმარაგებენ. სეზონის მეორე ნაწილი კი აგვისტოს ბოლოს იწყება, რა დროსაც ნაყოფის შეგროვება ხდება.
,,ვაგროვებთ 10-დან 15-მდე მცენარეს. ესენია ბეგქონდარა, ცაცხვი, ასკილი, თავშავა, კრაზანა, კუნელის ყვავილი და თვითონ კუნელი, ჭინჭარი, ვარდი, სამყურას ყვავილი, თეთრი აკაციის ყვავილი. წელს მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოვიტანეთ ფორთოხალი და გავაკეთეთ ჩაის ახალი ნაერთი ხილით. ასევე ვაგროვებთ კენკროვნებს ველურ ბუნებაში, რომელიც არის ყველანაირი პესტიციდებისგან და ქიმიური დამუშავებისგან თავისუფალი.”- აცხადებს ამირან გელაშვილი.
,,მეველეს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ პირველი წელი ექსპერიმენტებს დაუთმო. დაუშვა შეცდომებიც, თუმცა არომატული ჩაის მისაღებად მცენარეების ფოთლებისა და ნაყოფების შერევა განაგრძო. დაარსებიდან 4 წლის თავზე კომპანია მომხმარებელს ჩაის 6 არომატს სთავაზობს.
,,ყველაფერი დავიწყე კაპიტალის გარეშე. მარტივი არ არის რაღაც მცენარეები მოკრიფო, გამიქსო და კარგი პროდუქტი გამოვიდეს. პირველი წელი იყო ექსპერიმენტული. ვტესტავდი ძალიან ბევრ ვარიანტს. მეგობრებსა და სტუმრებს ვასინჯებდი. საზღვარგარეთ ჩემს მეგობრებს ვუგზავნიდი. მომივიდა ძალიან ბევრი ,,ფეილი“, რადგან ძალიან რთულია როდესაც არ არის მსგავსი კომპანია, შენზე დიდი და გამოცდილი, სადაც მიხვალ, გაგიზიარებენ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში გიწევს შეცდომებზე სწავლა. შეიძლება ერთმა შეცდომამ ერთი წელიც კი დაგაკარგვინოს. ალბათ 3-4 წელია საჭირო, რომ მინიმალური ცოდნა დაგროვდეს, რათა პროდუქტი გამოვიდეს კარგი.”- აცხადებს ამირან გელაშვილი.
,,მეველეს“ მომხმარებელთა უმეტესობა უცხოელია. კომპანიის დამფუძნებელი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ მათ პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაცია აქვთ. მსგავსი კონცეფციის ჩაი კი ქართული ბაზრისათვის და მომხმარებლისათვის სიახლეა. გარდა ამისა, პროდუქტი სპეციფიკურ მომხმარებელზეა გათვლილი.
,,ეს არის პრემიუმ კლასის, სპეციფიკური პროდუქტი კონკრეტული აუდიტორიისთვის, ვისაც უკვე რაღაც ინფორმაცია აქვს ამ პროდუქტის შესახებ. იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით. სიმართლე გითხრათ, ჩვენი მომხმარებლების 70%-ზე მეტი უცხოელია. მათ უფრო აქვთ ინფორმაცია, ბევრგან უნახავთ და შეუძენიათ მსგავსი პროდუქტი. მათ უფრო აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ თანხა მაღალი ხარისხის პროდუქტში. თუმცა, საქართველოში ხშირად დამიფიქსირებია, რომ შეძლებული ადამიანები ველურ ბუნებაში მოპოვებულ ჩაის 3-4 ლარიან ჩაის ადარებენ, რომელიც ხარისხითაც დაბალია. ამიტომ ვცდილობთ შემოვიტანოთ ეს ტრენდი საქართველოში.”- აცხადებს ამირან გელაშვილი.
მიუხედავად აღნიშნულისა, ,,მეველეს“ ჩაის მიმართ ინტერესი მზარდია ადგილობრივ მომხმარებლებშიც. მას ეკომეგობრულ კაფეებსა და მაღაზიებში შეხვდებით. კომპანია პროდუქციის მცირე რაოდენობას ევროპასა და აშშ-შიც აგზავნის.
,,ვაკვირდები, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი ინტერესდება. შესაბამისად, როცა ხვდებათ ჩვენი პროდუქტები ცნობილ კაფეებსა და ადგილებში, როდესაც ერთხელ გასინჯავენ, მიხვდებიან სხვაობას. ბაზარზე ჩვენ არ გვყავს ბევრი კონკურენტი. ეს არის პირველ რიგში კარგად დავიწყებული ჩვენი ტრადიცია. რეალურად ეს ყველამ კარგად იცის. უბრალოდ ჩვენთან ეს ტრენდში არ არის. საქართველო ტრენდებს ძალიან მარტივად იგებს, ამიტომ დიდ პროგრესს ვხედავ და ბოლო პერიოდში ქართველებიც ძალიან დაინტერესდნენ.”- აცხადებს მეველეს დამფუძნებელი.
ამირან გელაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ 3 მილიონიანი ქვეყნისთვის ჩაის წარმოება დიდ ბიზნესად ვერ გადაიქცევა, მაგრამ ეს საქმე საქართველოს ძალიან სჭირდება. – ,,პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 42% წარმოადგენს ტყეს, ველურ ბუნებას, არამერქნულ რესურსებს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ძალიან დაფასებულია. ვფიქრობ, ვინც ცხოვრობს რეგიონებში ღირს მსგავს საქმიანობაში ჩართვა, დროის დათმობა და შესწავლა.”- მიიჩნევს ამირან გელაშვილი.
,,მეველეს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიზნესის დაწყება საქართველოში მარტივია, რადგან ბევრი რეგულაცია და კანონი არ აფერხებს ბიზნესმენს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ველურ ბუნებაში ნედლეულის მოპოვებისას საჭიროა სიფრთხილე, რათა გარემო არ დაზიანდეს.
,,ჩვენს ქვეყანაში მარტივია ბიზნესების დაწყება. პირველ ეტაპზე არავინ არ მოგედავება, თუ აკრძალული საქმიანობა არ არის. არ არის ცნობადობა სახელმწიფოს მხრიდანაც. ყველა მეწარმემ უნდა გაითვალისწინოს, რომ რომც არ იყოს აკრძალვა ერთი და იგივე ტერიტორიაზე არ შეიძლება უსაშველოდ ამ მცენარეების გამოკრეფა. ვინაიდან ეს კლიმატზეც, თვითონ მცენარეზე და ბიოლოგიურ საფარზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს გადაშენება. ჩვენ ვიცავთ ამ ნორმებს, რადგან ჩვენი მიზანი არ არის პროდუქტების მასიური გაყიდვა. ჩვენი მიზანია შევინარჩუნო ბიომრავალფეროვნება.”- აცხადებს ამირან გელაშვილი.
