“შემაშფოთებელია, რომ სექსუალური შევიწროება და ღირსების შელახვა ხშირად მიზანმიმართულად ხორციელდება ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ” – PHR

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ სექსუალური შევიწროება და ღირსების შელახვა ხშირად მიზანმიმართულად ხორციელდება ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რაც აჩვენებს, რომ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია სამართალდამცავი სისტემის პრაქტიკაში მკვიდრდება.
მათი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის გაზრდილი შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დაკავებულები არიან ან მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობენ, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას.
“2025 წლის 28 მარტს, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა და დაკავების შემდგომი მოპყრობა ცალსახად წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
პოლიტიკოსმა საჯაროდ განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციის თანამშრომლებმა მას სრულად გაშიშვლება აიძულეს.
პოლიციის მიერ ჩხრეკისა და პირადი დათვალიერებისას ადამიანის სრულად გაშიშვლების იძულება წინააღმდეგობაშია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებთან. CPT-ის შეფასებით, იძულებითი გაშიშვლება წარმოადგენს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი განხორციელება არ შეესაბამება მკაცრ საჭიროებას, არ არის სათანადო კონტროლით რეგულირებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ჩხრეკისას დაკავებული პირის სრული გაშიშვლება შეიძლება ჩაითვალოს ღირსების შემლახველ მოპყრობად, თუ იგი არ ეფუძნება მკაფიო სამართლებრივ საფუძვლებს, არ არის პროპორციული და აუცილებელი. სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება შეფასდეს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც კრძალავს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
დათვალიერება და ჩხრეკა უნდა ჩატარდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და მისი ღირსების პატივისცემის დაცვით. გაშიშვლება დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ამის გარეშე ვერ მიიღწევა ჩხრეკის მიზანი, და ის უნდა ჩატარდეს კონკრეტული პროცედურების დაცვით, რა დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაკავებულის ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსაფრთხოება, მისი ღირსების და პატივის დაცვა .
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული ქალები პოლიციის მხრიდან ხდებიან დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ობიექტი. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, არაერთი აქტივისტი საჯაროდ საუბრობდა იზოლატორებში ძალადობის, გაშიშვლების იძულების და სხვადასხვა უფლებების დარღვევის შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის გაზრდილი შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დაკავებულები არიან ან მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობენ, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას. სამართალდამცავ ორგანოებში მსგავსი ქმედებების გახშირება მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები სულ უფრო მეტად ემიჯნებიან დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს – კანონის უზენაესობას, მართლწესრიგის დაცვას და ადამიანის უფლებების პატივისცემას.
ქალთა მიმართ ძალადობა არა მხოლოდ ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულია, არამედ ის პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება, როგორც რეპრესიული სისტემის სტრატეგიული ინსტრუმენტი. იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ სექსუალური ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკას, მათი მიზანი ხშირად არ არის მხოლოდ კონკრეტული პირის დასჯა, არამედ გაცილებით ფართო სოციალური ეფექტის მიღწევა – პროტესტის ჩახშობა, ქალების დაშინება და მათთვის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტიურობის სარისკოდ გამოცხადება.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ სექსუალური შევიწროება და ღირსების შელახვა ხშირად მიზანმიმართულად ხორციელდება ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რაც აჩვენებს, რომ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია სამართალდამცავი სისტემის პრაქტიკაში მკვიდრდება. ასეთ ვითარებაში პოლიცია კარგავს თავის თავდაპირველ ფუნქციას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციას და მას პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ, რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტად აქცევს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის მესამე აქტია ახალი სათაურით, ძველი თემებით, თუმცა მას რა მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა, მხარდაჭერა სჭირდებოდა და ვინ იყო მისი მხარდამჭერი?