შემაშფოთებელია იმ მოვლენების დაკვირვება, რაც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ვითარდება და ვატო შაქარიშვილს უკავშირდება, ქუჩაში მოხეტიალე, აგრესიული ჯგუფები წარმოადგენენ გარედან დაფინანსებულ, დესტრუქციულ ძალებს – ირაკლი ყიფიანი
სამწუხარო და შემაშფოთებელია იმ მოვლენების დაკვირვება, რომლებიც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ვითარდება და ვატო შაქარიშვილს უკავშირდება. როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი, თუნდაც მცირე, ცდილობს ფიზიკური და სიტყვიერი აგრესიით მოახდინოს ზეწოლა პიროვნებაზე, ეს ყოველთვის სცდება ცივილიზებული დისკუსიისა და ჯანსაღი პაექრობის ფარგლებს.”– წერს სოციალურ ქსელში ირალი ყიფიანი და ეხმიანება 5 და 6 აპრილს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, ოპოზიციის დაქირავებული აქტივისტებმა ვატო შაქარიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს.
“ვატო წარმოადგენს იმ კულტურულ და სოციალურ ფენას, რომელიც თბილისური და ქართული იდენტობის, ღირსებისა და ზრდილობის ნორმების მატარებელია. იგი არის კარგი, ღირსეული ოჯახის შვილი, რომლისთვისაც ქართული ფასეულობები პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ ხდება იგი და მისნაირები სამიზნე იმ ძალებისთვის, რომელთა მიზანიც ამ ფასეულობების დისკრედიტაცია და განადგურებაა.
გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ქუჩაში მოხეტიალე, აგრესიული ჯგუფები, რომლებიც თავს „რევოლუციონერებად“ წარმოაჩენენ, სინამდვილეში ხშირად წარმოადგენენ გარედან დაფინანსებულ, დესტრუქციულ ძალებს. მათი რეალური მიზანი არ არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ან იდეალებისთვის ბრძოლა; მათი მიზანია ქვეყნის შიგნით არეულობის შექმნა, დესტაბილიზაცია და პროვოკაციების გზით საზოგადოების გახლეჩა. ისინი შეგნებულად ცდილობენ ვითარების დაძაბვას, სურთ როგორმე მიაღწიონ სისხლის დაღვრას, რათა შექმნან ქაოსი და ხელი შეუწყონ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს.
ვინაიდან მათ ვერ მიაღწიეს დასახულ პოლიტიკურ მიზნებს ლეგიტიმური გზებით, ახლა ისინი მიმართავენ ყველაზე ამორალურ და სახიფათო ტაქტიკას – ცდილობენ გამოიწვიონ სამოქალაქო დაპირისპირება. პიროვნებებზე, როგორიც ვატო შაქარაშვილია, მიზანმიმართული თავდასხმები სწორედ ამ ბინძური სცენარის ნაწილია. ეს არის გათვლა იმაზე, რომ საზოგადოების მოთმინება ამოიწურება.
უნდა ითქვას, რომ ყოველივეს აქვს საზღვარი და საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნების რესურსიც არ არის უსასრულო. ეს ძალები სახიფათო თამაშს თამაშობენ, რომლის შედეგებიც შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს მთელი ქვეყნისთვის.
ამიტომ, აუცილებელია არა მხოლოდ ამგვარი ქმედებების მორალური და სამართლებრივი დაგმობა, არამედ იმის მკაფიოდ გაცნობიერება, თუ რა რეალური მიზნები და მოტივები დგას ამ „ქუჩის აქტივისტების“ ზურგს უკან. ცივილიზებულმა საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დაგმოს პროვოკაციები, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება.”- წერს ირაკლი ყიფიანი.
