ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის შეფასებით, covid-პანდემიის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიამ თვითრეაბილიტაცია ვერ მოასწრო, რადგან ქვეყანაში ტურბულენტური ფაზები საკმაოდ ხშირია.
ტურიზმის ინდუსტრიის მდგომარეობაზე მაია სიდამონიძემ, რომელიც ამჟამად პროექტ Welcome to Georgia-ს მმართველი პარტნიორია, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ორი კვარტალის შედეგებით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც გაზრდილია და ტურიზმიდან შემოსავლებიც, მაია სიდამონიძეს მიაჩნია, რომ სექტორში ბევრი გამოწვევაა და „დაჯამებულ რიცხვებს სიღრმისეული დამუშავება სჭირდება“.
„შეიძლება, ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ შემცირდა მხარჯველუნარიანი სეგმენტის წილი. შეიძლება, ევროპულმა ბაზრებიდან შემცირდა მოგზაურების რაოდენობა, მაგრამ გაიზარდა აზიური ქვეყნებიდან ნაკადები და ა.შ. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ აზიიდან ტურისტების მოზიდვა ცუდია, თან როცა ჩანაცვლებაა საჭირო, ეს სწორი გამოსავალია, მაგრამ ფაქტია, covid-პანდემიის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიამ თვითრეაბილიტაცია ვერ მოასწრო, რადგან ქვეყანაში საკმაოდ ხშირია ტურბულენტური პერიოდები.
მაგალითად, სასტუმროს როცა მართავ, შეიძლება ორი თვე ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდეს ქვეყანაში და ყველა ჯავშანი გაგიუქმდეს. მეორე მხრივ, ამ სიტუაციაში, როცა ქვეყანაში შემოდის დაბალმხარჯველიანი სეგმენტი ზოგიერთ სასტუმროს უღირს დაბალ ოპერირება, ზოგიერთს – არა და [იხურებიან]. ეს ცუდი მენეჯმენტის გამო არ ხდება. ფაქტია, საჭიროა მოთხოვნის უფრო მეტად სტიმულაცია, რათა ან მეტი ტურისტი შემოვიდეს ან უფრო მეტად მაღალმხარჯველუნარიანი მოგზაურები მოვიზიდოთ.
სამწუხაროდ, იმ სეგმენტს, რომელიც დღეს საქართველოში შემოდის, დიდად არ აინტერესებს ჩვენი კულტურა, ტრადიციები, ნიშური ტურისტული პროდუქტები, რითაც გვსურს პოზიციონირება. ჩვენ ხომ გვინდა, ნიშ-ტურიზმის ქვეყანა ვიყოთ და არა – მას-ტურიზმის, მაგრამ არ არის ამაზე მოთხოვნა… ვფიქრობ, საქართველო, დაბალფასიან ტურისტულ პროდუქტად ყალიბდება, რადგან ზოგადად, რაზეც მოთხოვნაა, შემდეგ მიწოდებაც შესაბამისია. ტურიზმის ბიზნესს [მოთხოვნის შესაბამისად] ადაპტაცია უწევს “, – განაცხადა მაია სიდამონიძემ და იქვე დასძინა, რომ მართალია, ტურიზმში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის პრიორიტეტი ნიშ-ტურიზმის განვითარებაა, მაგრამ „ტენდენციები სხვაგან მიდის“.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ გამოწვევების და პრობლემების დასაძლევად, პირველ რიგში, საჭიროა მათი აღიარება.
„ან კერძო ან სახელმწიფო სექტორში, რატომ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი იდეალურადაა, ვერ ვხვდები. მე როცა სასტუმრო მქონდა, უარყოფითი უკუკავშირი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე – დადებითი, რათა უკეთესი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, მეტი თვითკრიტიკაა საჭირო და პრობლემების აღიარება არ ტეხს“, – დასძინა მაია სიდამონიძემ.
რას ურჩევდით დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტს მათი კონსულტანტი რომ იყოთ? – ჰკითხა მაია სიდამონიძეს გადაცემის წამყვანმა და თავადაც გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ახალი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვისა და ასევე, ახალი ავიამიმართულებების დასანიშნად ტურიზმის ადმინისტრაცია საკმაოდ აქტიურობს.
მაია სიდამონიძეც ფიქრობს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მუშაობს, მაგრამ მათი აქტივობების ეფექტიანობაზე გავლენას ქვეყანაში შექმნილი ფონიც ახდენს.
„მეც ვხედავ, რომ [საქმეს] აკეთებენ და ხანდახან მიფიქრია, უფრო მეტად ამას რატომ არ აპიარებენ-მეთქი, მაგრამ მთავარი არის ფონი, რომელიც ქვეყანაშია. ასევე, მნიშვნელოვანია პრობლემების იდენტიფიცირება, აღიარება; უფრო გახსნილი კომუნიკაცია კერძო სექტორთან და არა – მხოლოდ პრივილეგირებულ ნაწილთან, რომელიც სულ თავს გიქნევს. საჭიროა, კერძო სექტორის იმ წარმომადგენლების მოსაზრებების [მოსმენაც], რომლებიც შეიძლება სხვანაირად ფიქრობენ და სხვა პრობლემებს ხედავენ; შეიძლება, მათი ნაწილი ზედმეტად სუბიექტურიც იყოს, თუმცა მოსმენა და პრობლემების აღიარება შეიძლება გახდეს დასაბამი, საქმის უკეთესად გაკეთების“, – ამბობს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი.
