„იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარი პოზიცია გამოხატეს, სამოქალაქო აქტივისტები, როგორც ჩანს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 20 ოქტომბრის აქციის მონაწილეებისთვის ლაზერის მინათების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
კობახიძემ არ უარყო, რომ მათი ნაწილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია და თქვა, რომ „იქ არიან ადამიანები, რომლებიც ღიად მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ უამრავ შეკრებაში.
„შეიძლება პარტიის წევრებიც იყვნენ მათი ნაწილი, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც იგორ ნარმანია და სხვა ნაციონალი აქტივისტები არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე, რატომ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს სამოქალაქო აქტივისტი. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები. მათ აქვთ სამოქალაქო პოზიცია და გამოხატეს ეს სამოქალაქო პოზიცია“, — განაცხადა კობახიძემ.
მან უარყო, რომ ახალგაზრდები მმართველი პარტიის მიერ იყვნენ მიგზავნილი.
20 ოქტომბერს, ევროკავშირის მხარდამჭერ მარშზე გამომსვლელ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აქციის მონაწილეებს სასტუმრო „მონოგრაფის“ ვერანდაზე შეკრებილი ახალგაზრდები ლაზერს ანათებდნენ.