დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართოს.
“არ ვიცი, არ მიფიქრია ეგეთ რაღაცებზე, შეიძლება”, – განაცხადა მან ფორმულასთან სატელეფონო საუბრის დროს.
ხვალ ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.