ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ მიიღებენ. ის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ის კითხვის პასუხად ამბობს, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება გადაავადონ, ან შეცვალონ, რადგან არ უნდათ ბიზნესის ინტერესების დაზარალება ან ფასების გაძვირება.
“ამ თემაზე მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც აგრძელებს მუშაობას. ჩვენ გქვონდა კომუნიკაცია შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია და პირადად დავპირდი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს სექტორის წარმომადგენლებთან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწუხებს ამ საკითხის ყველა ასპექტი – ერთ მხარეს არის გარემოს დაცვითი ინტერესები და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების, ოთხი ძირითადი კატეგორიის დაავადებების მომრავლება, მათ შორის არის ონკოლოგიური დაავადებები, ნაყოფთან დაკავშირებული დაავადებები, სხვადასხვა კატეგორიის ნევროლოგიური დაავადებები და ა.შ. ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გვაწუხებს – გარემოს დაცვა, ეკოლოგია და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა.
თუმცა, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები, ბიზნესის ინტერესები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. ახლა არის მიღებული მხოლოდ შუალედური გადაწყვეტილება და ველოდებით სექტორთან კონსულტაციებს. ეს აუცილებლად გაიმართება.
დრო ბევრია, გამომდინარე იქიდან, ძირითადი გადაწყვეტილების ამოქმედება არის დაგეგმილი 2027 წლის პირველი თებერვლიდან, დრო არის საკმარისზე მეტი. ამ დაახლოებით ერთი წლის მანძილზე გვექნება კონსულტაციები, შეიძლება გადავავადოთ, შეიძლება შევცვალოთ. აბსოლუტურად ღია ვართ. არ გვინდა დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები, არც ფასების გაძვირება გვინდა კონკრეტულ პროდუქტებზე. შესაბამისად, იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც თანაბრად დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორე მხრივ, ბიზნესის ინტერესებს და ფასების არგაზრდის ინტერესს” – ამბობს კობახიძე.
BM.GE-მ მას უთხრა, რომ კოკა-კოლას, პეპსის და წყალი მარგებელის წარმომადგენლების თქმით, მათთან კონსულტაციები არ ჰქონიათ. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, “ამ სამიდან ერთ-ერთთან მე პირადად მქონდა შეხვედრა, არათუ სატელეფონო, ან დისტანციური, პირადად დავპირდი, რომ კონკრეტულად ამ ადამიანთან კონსულტაციების გარეშე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული”.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ივანიშვილის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
გამონაკლისი ასევე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ოცნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პარკების შეზღუდვასაც აპირებს.
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ 13 მარტს BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასმელების ინდუსტრიას “25 წლით უკან დასწევს”. ჭყონიას თქმით, ეს საკითხი არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა და შეხვედრა არ გამართულა.”
სხვა მიმართულების განვითარების სივრცე ჩნდება – სონღულაშვილი პლასტიკის ბოთლების აკრძალვაზე
პაპაშვილი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე: რა თქმა უნდა, ფასი მოიმატებს


