შეიცვლება თუ არა კომუნალური გადასახადები – ენერგეტიკოსების პროგნოზი და სემეკის განმარტება

მინიმუმ 2026 წლამდე კომუნალური ტარიფები არ შეიცვლება. საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი იაფი ქვეყანაა, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის გადასახადების მომსახურება მაინც პრობლემაა.
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე კომუნალური ტარიფების გადახედვა დაგეგმილი არ არის.
„რამდენიმე წლიანი ტარიფები გვაქვს დადგენილი, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორებში. სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე ტარიფების გადახედვა დაგეგმილი არ არის”, – განაცხადა ნარმანიამ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან”.
თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის 2024 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა, გაზისა და წყლის გადასახადი კი უცვლელი დარჩა.
საქართველო კომუნალური ტარიფების მხრივ ერთ-ერთი იაფი ქვეყანაა, თუმცა მოსახლეობის ნაწილისთვის მისი მომსახურება მაინც პრობლემაა. ამაზე გაამხავილა ყურადღება ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ ენერგოსექტორის განსავითარებლად საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, საამისოდ კი გადასახადები საკმაოდ დაბალია.
„ამ საკითხს გავყოფ ორ ნაწილად და ვისაუბრებ, როგორც რიგითი მოქალაქე და როგორც ენერგეტიკოსი. მოქალაქისათვის კომუნალური გადასახადები, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან და ხელფასებიდან გამომდინარე, პრობლემაა. საკმაო მძიმე ტვირთათ აწვება ხალხს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ცივი სეზონი იწყება და დაახლოებით 200 ლარია საჭირო თვის გამავლობაში იმისათვის, რომ სახლი გათბეს. ასე რომ, ზოგადად, ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, კომუნალური გადასახადები არის საკმაო ტვირთი მოსახლოებისათვის.
რაც შეეხება ჩემი, როგორც ენერგეტიკოსის შეფასებას. საქართველოში ტარიფები საკმაოდ დაბალია იმისათვის, რომ სერიოზულად განვითარდეს ენერგეტიკა და მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნას ჩადებული ამ დარგში. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასი, სა და აზერბაიჯანის გარდა, დაწყებული სომხეთისდან, გინდაც თურქეთში და ევროპაზე საუბარი ხომ ზედმეტია, ყველაგან საკმაოდ მაღალია. ენერგეტიკულად ჩვენი ტარიფები არის იმდენი, რომ ენერგოკომპანიებმა იმუშავონ და თავი გაიტანონ.
ამ ორი დილემის წიაშე ვდგავართ. ენერეგეტიკისათვის აუცილებელია, რომ ტარიფები ცოტა უფრო მაღალი იყოს. მაღალი ტარიფები ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას, განახლებადი ენერგიის წყაროების შემოტანას და ა.შ. მეორე მხრივ კი, მოსახლეობისთვის გადასახადები პრობლემურია და სანამ ჩვენი ეკონომიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად ასეთი იქნება, ტარიფებს სერიოზულ გადახედვას და მატებას სემეკი არ დათანხმდება. თუკი ჩვენი ეკონომიკა და შემოსავლები საგრძნობლად გაიზრდება, მაშინ, ბუნებრივია, ტარიფები უნდა გადაიხედოს”, – განაცხადა გია არაბიძემ.
მიუხედვად იმისა, რომ მდგომარეობა ყველა მხრივ სტაბილურია, ეკონომიტების თქმით, ჯერჯეორობით არ არსებობს კომუნაური გადასახადების კიდევ გაიაფების შესაძლებლობა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის აზრით, საქართველოო დაბალი კომუნალური გადასახადების ქვეყანაა, ამიტომ ამ კუთხით არ არის რთული მოცემულობა.
„კომუნალური გადასახადების სიმცირით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კომუნალური გადასახადები. ჩემი ნათვამი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის შესაძლოა, არ იყოს მისაღები, მათი გადახდისუნარიანობიდან გამომდინარე, მაგრამ თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნებს, ვნახავთ, რომ საქართველოში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფებია.
ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის რესურსს, რომ სემეკმა კომუნალური გადასახადები კიდევ დაწიოს. შესაძლოა, მოსახლოების გარკვეული ნაწილისთვის ტარიფების მომსახურება იყოს ტვირთი. მაგალითად მათთვის, ვინც სოციალურად დაუცველია, ვისაც მცირე შემოსავალი აქვს და ა.შ. ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ზოგადად ამ კუთხით არ გვაქვს რთული მდგომარეობა და კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი შენარჩუნდება.
ამას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი. ბუნებრივი აირის მიმართულებით ის ფაქტორი მოქმედებს, რომ ჩვენ ვართ გამტარი ქვეყანა და დაბალ ტარიფში ვირებთ გაზს აზერბაიჯანიდან. ელექტროენერგიის კუთხით კი, სამწუხაროდ, გენერაცია ნელა ვითარდება, თუმცა გვაქვს ჩვენი ობიექტები, რაც განაპირობებს იმას, რომ არც დენის გადასახადი არის მაღალი”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.