“[ქვეყანაში] რაც არ უნდა ხდებოდეს, რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ყველაფერი აისახება ჰორეკა სექტორზე” – ამის შესახებ რესტორან “მეგრული სახლის” დამფუძნებელმა, ეკა ჯალაღონიამ BMG-ის ეთერში ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის პოსტპანდემიური პერიოდი განსაკუთრებით რთული იყო და შეიცვალა ტურისტების გეოგრაფია და ხარისხიც.
“საქართველო ტურიზმის ქვეყანაა. ნავთობი ჩვენ არა გვაქვს, რომ რაღაცით ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკა გაიძლიეროს. ამიტომ ტურიზმი და ტურისტის ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. წელს შეიცვალა ტურისტის ხარისხი. ტურისტები არიან, მაგრამ ორი-სამი წლის წინანდელისგან განსხვავებული”, – აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში შემცირებულია ევროპელი ტურისტების ნაკადები. მათ ნაცვლად ქვეყანაში დაბალ მხარჯველუნარიანი სტუმრები ჩამოდიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და აზიიდან.
“ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან და ის კომპანიები, რომელთაგანაც ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და ბევრი სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, თითქმის აღარ არიან.
ახლა აქტუალურია კორეა, ჩინეთი და ბევრი აზიური ქვეყანა – მათი ბიუჯეტიც ბევრად მწირია, ვიდრე ევროპიდან ჩამოსული სტუმრების. რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა კავშირის ტერიტორიებიდანაც გვყავს უამრავი სტუმარი: ყაზახეთი, უკრაინა და ა.შ.” – განმარტა “მეგრული სახლის” დამფუძნებელმა.
