მეცნიერებმა შეიმუშავეს იმპლანტი, რომელიც უსინათლო პაციენტებს ხელახლა კითხვის საშუალებას აძლევს – ტექნოლოგია დიდი იმედია ატროფიის (ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (AMD) მძიმე ფორმა, რომელიც ექიმების შეფასებით, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 250 000 და მსოფლიოში ხუთ მილიონ ადამიანს აწუხებს) მქონე ადამიანებისთვის.
ამ მდგომარეობის მქონე პაციენტებში თვალის უკანა ნაწილში მდებარე ბადურას მცირე უბანი თანდათან უარესდება, რაც იწვევს ბუნდოვან ან დამახინჯებულ გამოსახულებას. ხშირად იკარგება ფერის აღქმა და წვრილი დეტალების გარჩევის უნარი.
ახალი ტექნოლოგია გულისხმობს, ბადურას ქვეშ პაწაწინა ფოტომგრძნობიარე მიკროჩიპის იმპლანტაციას, რომლის ზომა დაახლოებით ადამიანის თმის ღერის სისქისაა. პაციენტი ატარებს სათვალეს ჩაშენებული ვიდეოკამერით, რომელიც ახლო ინფრაწითელი სინათლის გამოყენებით გადიდებულ სურათებს ბადურას გადასცემს. შემდგომ ეს იმპლანტი მცირე ელექტრულ სიგნალებს აგზავნის მხედველობის ნერვში.
თუმცა, პაციენტების ტვინს თვეები სჭირდება, რომ ისწავლოს მიღებული სურათების ინტერპრეტაცია.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა New England Journal of Medicine-ში. ექსპერიმენტში ხუთი ევროპული ქვეყნიდან ოცდათვრამეტი პაციენტი მონაწილეობდა. ოცდათორმეტ სუბიექტს ჩაუნერგეს კალიფორნიული ბიოტექნოლოგიური კომპანია Science Corporation-ის მიერ შემუშავებული Prima იმპლანტი. მათგან ოცდაშვიდმა საბოლოოდ კვლავ შეძლო კითხვა.
მნიშვნელოვანია 70 წლის შეილა ირვინის შედეგი – იმპლანტის გარეშე მას საერთოდ არ შეეძლო კითხვა. იმპლანტი სამი წლის წინ დაუმონტაჟდა. შეილა და მურფილდსის საავადმყოფოს მთელი სამედიცინო გუნდი აღფრთოვანებულები არიან მის მიერ მიღწეული პროგრესით.
“შემიძლია წერილების, წიგნების კითხვა, კროსვორდებისა და სუდოკუს ამოხსნა. ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება – კარგია, რომ მისი ნაწილი ხარ“, – ამბობს ის.
მურფილდსის საავადმყოფოს კონსულტანტმა თვალის ქირურგმა, მაჰი მუკიტმა, BBC-სთან ინტერვიუში ახალ ტექნოლოგიას “უახლესი და ცხოვრების შემცვლელი“ უწოდა.
“ეს არის პირველი იმპლანტი, რომელიც დადასტურებულად აღადგენს პაციენტების მხედველობას. შედეგად, მათ შეუძლიათ ყოველდღიური ამოცანების შესრულება, როგორიცაა კითხვა და წერა. მე ამას უდიდეს მიღწევად მივიჩნევ“, – ამბობს დოქტორი მუკიტი.
Prima იმპლანტი ჯერ არ არის ლიცენზირებული. მისი მომავალი ფასი გაურკვეველია. თუმცა, მაჰი მუკიტი იმედოვნებს, რომ მოწყობილობა რამდენიმე წელიწადში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.




