შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი მოკლა ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტის კამპუსში. ადგილობრივმა პოლიციამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ თავდამსხმელი ნაპოვნია და ის მკვდარია. დადგენილია მისი ვინაობაც, თუმცა, ოჯახის წევრების ინფორმირებამდე საჯაროდ არ ცხადდება.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, თავდამსხმელი ერთ-ერთი კოლეჯის 67 წლის პროფესორი იყო. უნივერსიტეტთან მისი კავშირი და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სროლის შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი, რომლებიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარების კანონის გამკაცრების შესახებ.
5 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღით 6 ადამიანი მოკლეს ტეხასის შტატშიც.
