შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე შტატ ეკიტის ერთ-ერთი სკოლის 6 მოსწავლე და 3 მასწავლებელი გაიტაცეს. შემთხვევა 29 იანვრის ღამეს მოხდა.
ეკიტის შტატის მთავრობის თქმით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სასკოლო ავტობუსს, რომლითაც მოსწავლეები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ. გატაცებულია ავტობუსის მძღოლიც.
ჯერჯერობით გატაცებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია და გამოსასყიდიც არავის მოუთხოვია. მთავრობის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურები გამტაცებლების პოვნას ცდილობენ.
30 იანვარს ნიგერიის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ატიკუ აბუბაქარმა პრეზიდენტი ბოლა ტინუბუ საფრანგეთში ერთკვირიანი ვიზიტის გამო გააკრიტიკა მაშინ, “როდესაც ნიგერია დაუცველობის ოკეანეში იხრჩობა”.
ქვეყანაში გატაცებების ტალღის გამო, ტინუბუ განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ მოექცა. მიმდინარე თვეში გატაცების შემთხვევა იყო დედაქალაქ აბუჯას გარეუბანშიც.