„შეთანხმებულია საკითხების უდიდესი ნაწილი“ – 4 პარტია გაერთიანებაზე მოლაპარაკებას მართავს

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ 25 ივნისს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში დაწერა, რომ 8 ივლისამდე შეთანხმდებიან არჩევნებში მონაწილეობის კონფიგურაციებზე. ექვსიდან ოთხი პარტია საპარლამენტო არჩევნებში საერთო სიით მონაწილეობის საკითხზე ამ წუთებშიც მართავს მოლაპარაკებას.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, მისმა პარტიამ, „ლელომ“, „დროამ“ და „ახალმა“ საკითხების დიდი ნაწილი უკვე შეათანხმეს.
„ორი-სამი დღის განმავლობაში ძალიან სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ახლაც მიმდინარეობს შეხვედრა, ყველა მონაწილე მხარე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „დროა“ და „ახალი“ მოტივირებული არიან, რომ დღესვე იყოს გადაწყვეტილება მიღებული. გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც ხელი მოეწერა. შეთანხმებული არის საკითხების უდიდესი ნაწილი, მხოლოდ რამდენიმე დეტალი არის შესათანხმებელი და ამაზე მიდის საუბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს [8 ივლისს], საღამოს მოესწრება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუკი ბუკვალურად დღეს ვერ მოესწრო, ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება არ არის. დიდი პროპორციით, თითქმის მიღებულია გადაწყვეტილება“, – თქვა კობერიძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში.
პოლიტიკოსმა არ დაასახელა შეუთანხმებელი საკითხები, თუმცა აღნიშნა, რომ არ ყოფილა ისეთი ფუნდამენტური რამ, რის გამოც მოლაპარაკება ვერ ხდება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკის შექმნა, ამიტომ მათ მოუწევთ ერთი პარტიაში გაერთიანება. „არის შეთანხმებები, როგორ იმუშავებენ პარტიები ერთ კონკრეტულ სუბიექტში. არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული პარტია, რომელზეც აეწყობა ერთობა“, – დაამატა მ.
მოლაპარაკების არ მონაწილეობს „ევროპული საქართველო“, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას არ შეუერთდა. „ევროპული საქართველოს“ 8 ივლისის განცხადებაში წერია, რომ „საუკეთესო სინერგია აქვს „ევროპული საქართველოს“, „ახლის“ და „ლელოს“ საარჩევნო ერთეულად ქცევას“. როგორც ოპოზიციური პარტია აცხადებს, მათ საჯაროდ და არასაჯაროდაც, მიმართეს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, „თუმცა, საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ დუმილია“.
ცოტნე კობერიძის განცხადებით კი პროცესში „ევროპული საქართველო“ ჩართული არ ყოფილა.
„მე მინდა, რომ „ევროპული საქართველო“ იყოს ამის ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, ხელმომწერ დოკუმენტზე „ევროპული საქართველო“ არ ყოფილა და სკეპტიკურად უყურებდა ამ სიტუაციას“, – თქვა კობერიძემ. მან დაამატა, რომ შეიძლება, „ევროპულ საქართველოსთან“ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
დღეს, 8 ივლისს, ცალკე პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია აქვთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, რომლებიც, ასევე, არიან 25 ივნისის დეკლარაციის ხელმომწერები.