შეთანხმების ჩაშლის გამო გახარიას მოუწევს, ახსნას, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე – ხაზარაძე

პარტიის, „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერი გიორგი გახარიას პარტიასთან მოლაპარაკებების პროცესს აჯამებს და ამბობს, რომ ამ შეთანხმების ჩაშლის გამო გახარიას მოუწევს ახსნა-განმარტება პროცესის გულშემატკივრებისთვის.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზარაძე კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას.
“ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე”.
მისივე თქმით, გუშინ, 18 სექტემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ის და გიორგი გახარია კონკრეტულ გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც იმას გულისხმობდა, რომ ორივე მხარე თანაბარ პირობებში უნდა ყოფილიყო.
“გეგმის მიხედვით, ჩვენ გავერთიანდებოდით ნომერი 9-ის ქვეშ და დავდებდით პირობას, რომ არასდროს შევუწყობდით ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას, დავასრულებდით ანაკლიის პორტის პროექტს დასავლური ინვესტიციებით, რაც შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს. ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით. მე ეს შეთანხმება განვიხილე კოალიციის პარტნიორებთან, მათ კი სრულად დამიჭირეს მხარი. ჩემი მზაობა ხელმოწერასთან დაკავშირებით გუშინვე დავაფიქსირე მედიასთან.
დღეს, მზად ვიყავი, პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. 15:00 საათზე გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობდა. მან მაშინვე გაავრცელა განცხადება სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. საღამოს კი პრეზიდენტის წინ უარი განაცხადა გუშინ შეთანხმებულ პირობებზე. მისი მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარეკებებში არასერიოზულად გამოიყურება”, – ჰყვება მამუკა ხაზარაძე.
პრეზიდენტ ს ინიციატივით, ათონელის რეზიდენციაში გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია “საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერ საქართველოს” შორის შეთანხმება ვერ შედგა.
მიუხედავად ამისა, დღის ბოლოს, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია კვლავ მივიდნენ ათონელის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, თავად პრეზიდენტის ინიციატივით. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარტია “ლელოში” დაუდასტურეს.
განცხადებაში, რომელიც 19 სექტემბერს, შუადღისას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. პარტია მადლობას უხდის „ლელოს“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი.
ასე იყო წარსულში – ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს – ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია.
საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, – წერია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.
ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.