“შეთანხმება შედგა” – დვალის ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას პირობებით დააბრუნებენ

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელი, დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გააფორმეს და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული.
“ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება”, – ამბობს სუხიტაშვილი და ჩამოთვლის პირობებს:
· “თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში გადაიხდის 90 000 დოლარს, დარეჯან დვალი დაუბრუნებს მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას იმ პირობით, თუკი ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მოქმედებებს – ისინი მასმედიაში, სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერაში შანტაჟით, მუქარით, ცილისწამებით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ ზეწოლას დვალზე;
· მეორე პირობაა, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა მისცენ უფლება დარეჯან დვალს, რომ ისარგებლოს უძრავი ქონებით”.
შეთანხმებაზე ხელმოწერას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი. მისი თქმით, დოკუმენტი მხარეებმა 24 იანვრის საღამოს გააფორმეს, რომელშიც ეწერა, რომ ერთი თვის განმავლობაში დარეჯან დვალი ქონებას არ გადაყიდის და რომ თანხის გადახდის შემდეგ იგი “აღარ დაემუქრება დვალს”.
“პირობები იყო, რომ ერთი თვის განმავლობაში ის ქონებას არ გადაყიდის, იქნება დალუქული. როგორც კი ფულს გადავუხდი, გადმოფორმდება, ოღონდ მე აღარ უნდა დავაბულინგო…”, – ამბობს მარინა ხატიაშვილი. კითხვაზე, რა იგულისხმა დარეჯან დვალის ადვოკატმა ერთი თვის განმავლობაში ქონებით სარგებლობის პირობაზე, ხატიაშვილი ამბობს რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და “გაარკვევს”.
გუშინ, 23 იანვარს მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი.
როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან “დან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ, ხატიაშვილებმა “საქართველოს ბანკს” 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.
აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა.
მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.
ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ