შეთანხმება მიღწეულია – ავტომფლობელები 2013 წლამდე გამოშვებული იმ ავტომობილების განბაჟებას შეძლებენ, რომლებიც გემზე 2023 წლის ბოლომდე დაიტვირთა

ავტომფლობელები 2013 წლამდე გამოშვებული იმ ავტომობილების განბაჟებას შეძლებენ, რომლებიც გემზე 2023 წლის ბოლომდე დაიტვირთა. ინფორმაცია ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ გაავრცელა.
“საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციისა და ჩვენი მეგობრების აქტიურობით ავტომფლობელებსა და ავტოიმპორტიორებს, რომელთაც გემზე დატვირთვა 1 დეკემბრამდე ვერ მოასწრეს და მომსახურების სააგენტო 2013 წლის ქვემოთ ავტომობილს არ ურეგისტრირებდა მოუგვარდათ პრობლემა. შეღავათების თარიღმა 2023 წლის ბოლომდე გაინაცვლა (მთავრობის დადგენილება მალე გამოქვეყნდება).
სამწუხაროდ დარჩნენ ავტომფლობელები ამ შეღავათების მიღმა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ გაკეთდა მაქსიმუმი”, – წერს ალექსი ნონიაძე.
შეგახსენებთ: 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა დაწესდა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდებოდა ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტიც ევრო 5 ნორმას ვერ აკმაყოფილებს. სამინისტროსა და ავტოიმპორტიორებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, 2023 წლის 29 დეკემბერს ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმადაც რეგულაცია აღარ შეეხებოდათ იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირებაც ექსპორტიორი ქვეყნიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე დაიწყო. ავტოიმპორტიორები ითხოვდნენ, რომ 2023 წლის 1 დეკემბრამდე კონტეინერებში ჩატვირთული ავტომობილები საქართველოში მაინც გააფორმონ, რადგან მათი გემზე დატვირთვის პროცესი გაიწელა.