ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:
ორიოდე დღეში მოდის იმ არჩევნების თარიღი, რომელმაც 13 წლის წინანდელი დიქტატურა შემდგომ უკვე ტოტალიტარიზმზე ორიენტირებულმა ძალაუფლებამ შეცვალა.
2012 წლის არჩევანზე და ხალხის თანამონაწილეობაზე დღევანდელი ძალაუფლების “წყალობით” ბევრი რამ გახდა წამოსაძახებელი. – უნდა მიგვეცა თუ არა ხმა მაშინდელი მმართველი ძალისთვის, რომელმაც იმ დროინდელ პრეზიდენტს მოარგო განახლებული კონსტიტუცია და შეგვეწყო ხელი კიდევ უფრო ხანგრძლივვადიანი ძალაუფლებისათვის? – არა. ვინც ეს გააკეთა, ძალაუფლების ბოროტებაში თანამონაწილეობდა მაშინ და ხელს უწყობდა იმ დიქტატურის ტირანიისკენ მიდრეკილებას. სწორი არჩევანი დღესაც მგონია, რომ იყო ძალაუფლების შეზღუდვის ძალისხმევა ახალი პოლიტიკური სუბიექტით. – შევცდით, ვინც მაშინ ამჟამინდელ ძალაუფლებას მივეცით შანსი? – შევცდით. ასეც ხდება, რომ მიზეზში მართალი ხარ და შედეგში შემცდარი. – გვქონდა არჩევანი? – არ გვქონდა. ჩვენ გვქონდა დილემა და ამ დილემის ორივე ფსევდოალტერნატივა ბოროტება იყო. ჩვენ გვქონდა მხოლოდ თეორიული შანსი, იქნებ ახალი ბოროტება შეგვემცირებინა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. – მიმაჩნია თუ არა ამჟამინდელი ოპოზიცია უკეთეს ალტერნატივად და საზოგადოებრივ სიკეთედ? – მე თუ მკითხავთ, სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანი არ გვქონია არც მას მერე, 2016-20-24 ოპოზიციას რომ ვაძლევდით ხმას ხელისუფლებაში მოსასვლელად. რომც მოგვეყვანა, მაშინაც შემცდარი აღმოვჩნდებოდით, რადგან ჩვენ არჩევანი არასდროს გვქონია, ჩვენ ვფლობთ მხოლოდ ილუზორულ და ბუტაფორიულ წარმოდგენებს არჩევანზე, მაგრამ ამ ბუტაფორიულობას მაინც აქვს რაღაც სიკეთის მარცვალი მთელ ამ ბოროტების იმპერიაში, რომ ცვლილება თეორიულ შანსს მაინც გვაძლევს, რაც სხვა შემთხვევაში არ გვაქვს. ამიტომ უნდა მიმართო ძალისხმევა ძალაუფლების ცვლილების დარჩენილი ხერხ(ებ)ის გამოსაყენებლად, რადგან ეს მცირე სინათლის თეორიულ პერსპექტივას მაინც ქმნის არსებული ხანგრძლივი ძალაუფლების მღვრიე ბოროტებაში. ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, გვრჩება მხოლოდ იძულება.
