“შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა” – ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა.
“მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც დინამო არენაზე მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა. თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და ტრადიციულად უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს. რისთვისაც, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი როგორც მოედანზე, ისე სტუმართა გუნდის ტრიბუნასთან.
მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ
სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შევურაცხყვეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება.
მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი.
მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩვენ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის სპორტულ კავშირს ასევე ადასტურებს, საქართველო-სომხეთის ერთობლივი განაცხადი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედი მაქვს როგორც საქართველო, ისე სომხეთი, 2029 წელს 20 წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.
ფეხბურთი გვაერთიანებს და ქმნის წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს.”
წყარო: სფფ-ის პრესსამსახური
ეს ჩვენ არ შეგვშვენის… მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც… – გამოხმაურება ინციდენტზე
სირცხვილი და მავნებლობა – თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს
არეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ – რა მოხდა “დინამო არენაზე”? [VIDEO]