შევისყიდეთ უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები – ნათია თურნავას განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა ოქროს შესყიდვაზე განმარტებას აკეთებს. დღეს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სებ-მა მარტში მიიღო გადაწყვეტილება რეზერვებში ოქროს დამატებაზე, რისთვისაც 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინეს.
ნათია თურნავას განმარტებით, სებ-მა ოქრო სავალუტო რეზერვების დიფერსიფიცირების მიზნით შეიძინა, რისთვისაც მათ ლონდონის ბირჟაზე უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები იყიდეს. 7 ტონა ოქრო საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის საცავში განთავსდება.
“ჩვენ სავალუტო რეზერვებს დავამატეთ მონეტარული ოქრო, პირველად მოხდა ოქროს შესყიდვა ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამჟამად ოქრო სავალუტო რეზერვების 11%-ს შეადგენს. შესაბამისად, ამიერიდან გარდა უცხოურ ვალუტაში გამოხატული სხვადასხვა აქტივებისა, საერთაშორისო რეზერვებში ჩვენი მონეტარული ოქროც გვექნება ჩართული. ეს არის უმაღლესი სინჯის ზოდები, რომლებიც შესყიდულ იქნა ლონდონის ბაზარზე და განკუთვნილია სპეციალურად ცენტრალური ბანკებისთვის. გაიზარდა ოქროზე მოთხოვნა და მისი წამყვანი შემსყიდველები არიან ცენტრალური ბანკები. მაშინ როდესაც საერთაშორისო გამოწვევების ფონზე ცენტრალური ბანკი ისწრაფვის რეზერვების ნაირფეროვნებისკენ და დივერსიფიკაციისკენ, ჩვენი მიდგომაა რომ გავზარდოთ საერთაშორისო რეზერვები რადგანაც ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ბალიში და ახლა არამხოლოდ ვზრდით არამედ მის დივერფიციკაციასაც ვაკეთებთ და საერთაშორისო რეზერვებში გვექნება ჩართული ოქრო, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და ყოველთვის ღირებული აქტივი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით 4.77 მილიარდ დოლარს შეადგენს. მარტში რეზერვების მოცულობა 30.6 მილიონი დოლარით გაიზარდა, თუმცა ბოლო 3 თვეში რეზერვებმა ჯამში 233 მილიონი დოლარით იკლო, რაც სებ-ის რეზერვებიდან საგარეო ვალის მომსახურებას უკავშირდება.
bm.ge