„შევთანხმდით, რომ გავითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს“ – საუდის არაბეთში ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა
საუდის არაბეთის დედაქალაქში ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრაში მონაწილე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში ერთმანეთის ინტერესები გაითვალისწინონ.
„ჩვენ უბრალოდ შევთანხმდით, რომ გავითვალისწინებდით ერთმანეთის ინტერესებს. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლა, რადგან მოსკოვიც და ვაშინგტონიც ამით არიან დაინტერესებულნი“, – განუცხადა იური უშაკოვმა ჟურნალისტებს.
დელეგატებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს რუსეთისა და ამერიკის ლიდერების ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა.
“ეს საკითხი განიხილეს, ჩვენ ვიმუშავებთ, რომ შევქმნათ პირობები ასეთი შეხვედრისთვის”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
მისი თქმით, საუბარი უკრაინის საკითხსაც შეეხო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მოლაპარაკებათა ცალკეული გუნდები ამ თემაზე დროულად დაიწყებენ მუშაობას“.
მოლაპარაკებებზე რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი. აშშ-ს გუნდში შედიოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.
