“შევეცდებით, გავაუმჯობესოთ ჩვენი წესები” – World Press Photo გამოეხმაურა ქართველი ფოტოგრაფების განცხადებას

World Press Photo განცხადებას ავრცელებს მათ მიერ დაჯილდოებული რუსი ჟურნალისტის, კრემის პროპაგანდისტული მედია TASS-ის რეპორტიორის, მიხაილ ტერესჩენკოს შესახებ. ფოტოზე, რომლითაც ტერეშენკომ World Press Photo 2025-ის ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა, თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციაა ასახული.
World Press Photo-ში აცხადებენ, რომ შეეცდებიან გააუმჯობესონ კონკურსის წესები და პროცედურები იმ ფოტოგრაფებთან მიმართებით, რომლებიც მთავრობების მიერ მართულ მედიებში მუშაობენ. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ამ პროცესში კონსულტაციებს გაივლიან, მათ შორის, ქართველ და უკრაინელ ფოტოგრაფებთან.
“ჩვენ შევეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი წესები და პროცედურები იმ ფოტოგრაფების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლირებად სააგენტოებში მუშაობენ. ამ პროცესში, ჩვენ კონსულტაციებს გავივლით ფოტოგრაფებთან, რომლებიც მუშაობენ ისეთ ადგილებში, როგორიც საქართველო და ა. ასევე სხვა ადგილებში, სადაც რეპრესიული რეჟიმები მოქმედებს და ფოტოგრაფები, ხშირად, კარგი სამუშაოს შესრულებას რთულ პირობებში ცდილობენ”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
World Press Photo განმარტავს, რომ ჟიური გამარჯვებულ ნამუშევარს ანონიმურად არჩევს. მათ არ იციან, ვინ არის ფოტოს ავტორი, ან რომელ მედიას წარმოადგენს ის. მხოლოდ, ხაზს უსვამენ, რომ მუდმივად ამოწმებენ ფოტოზე აღბეჭდილი მოვლენების ნამდვილობას და ფოტოგრაფის მიერ ფოტოს აღწერის სიზუსტეს. ისინი აცხადებენ, რომ ამ ნაწილში, ტერესჩენკოს ფოტოს პრობლემა არ აქვს. თუმცა, აღნიშნავენ, რომ “არასასიამოვნო ფაქტია”, როცა ფოტო ისე შეირჩევა, რომ ყურადღება არ ექცევა არა თუ ავტორის სამუშაო სივრცეს, არამედ მის შეხედულებებსაც.
განცხადებაში მათ ვრცლად აღწერეს ის კონტექსტი, რომელიც შეიქმნა რუსი პროპაგანდისტი ფოტოგრაფის მიერ თბილისში, პროევროპულ აქციებზე გადაღებული ფოტოს გამარჯვებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინამდე საქართველოში, ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა. აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთს დღემდე აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულო. განცხადებაში საუბარია რუსულ კანონებზე, რომელსაც საქართველოში იღებენ და ქართული საზოგადოების პროტესტზე. ასევე იმაზე, თუ როგორი ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდებით უსწორდება პოლიცია პროტესტის მონაწილეებს. მათ შორის, ჟურნალისტებს.
“ამ კონტექსტში, ბევრი ქართველი ფოტოგრაფი გაბრაზდა, რომ ამ პროტესტის გაშუქებისთვის დააჯილდოვეს რუსული ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობს რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ახალი ამბების სააგენტოში, რომელსაც დამსახურებულად აკრიტიკებენ მისი დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო […] ჩვენ განსაკუთრებულ პატივს ვცემთ ჟურნალისტებს, რომლებიც აღბეჭდავენ რუსეთს ომს უკრაინაში და საქართველოში მიმდინარე პროტესტს, რათა მსოფლიომ ნახოს, ხშირად, რამხელა რისკებისა და სირთულეების ფასად აკეთებენ ისინი ამას. ეს განსაკუთრებით ეხებათ ფოტოგრაფებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ამ ქვეყნებში. ომმა და პოლიტიკურმა კონფლიქტებმა მიაღწია იქამდე და მათ გადაწყვიტეს, აღბეჭდონ ეს”, – ვკითხულობთ World Press Photo მიერ გამოქვეყნებულ ახსნა-განმარტებაში.
მას შემდეგ, რაც World Press Photo 2025-ის ერთ-ერთ ნომინაციაში, თბილისის პროევროპულ აქციებზე გადაღებული ფოტოს წყალობით გაიმარჯვა რუსული პროპაგანდისტული მედიის, TASS-ის ფოტოგრაფმა, მიხეილ ტერესჩენკომ, ქართველმა ფოტოგრაფებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
“ჩვენ, ქართველ ფოტოჟურნალისტებსა და დოკუმენტალისტებს, გვაშფოთებს და შეურაცხგვყოფს World Press Photo-ს გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის ჯილდო გადაეცეს რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო TASS-ის წარმომადგენელს — ფოტორეპორტაჟისთვის, რომელიც ასახავს ქართულ პროტესტს, დემონსტრაციებს, რომლებიც სწორედ რუსეთის გავლენებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
კრემლის ნარატივების მომხრე ფოტოგრაფის დაჯილდოება ანტირუსული აქციების გაშუქებისთვის არა მხოლოდ სადავო და წინააღმდეგობრივია, არამედ პირდაპირი შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან რუსეთის ჩარევას საქართველოს სუვერენიტეტსა და მის მომავალში […]
გვინდა ცხადად და მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს წინააღმდეგობის, ტკივილისა და იმედის ისტორიას ვერასდროს დაინახავენ და გადმოსცემენ დამპყრობლების პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოები — სწორედ ისინი, ვინც მჩაგვრელის სამსახურში დგანან და მის სასარგებლოდ, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ამბებს, მანიპულირებენ ფაქტებით და ახშობენ სიმართლეს”, – წერია ქართველი ფოტოჟურნალისტებსა და დოკუმენტალისტების ერთობლივ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ტერესჩენკომ საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ომი შეაფასა, როგორც “განმათავისუფელებლი” აქტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი: ვაცნობიერებ თუ რა ვალდებულებები აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს, როდესაც ისინი ერთგვარად ვალდებულები არიან ევროკავშირის გზავნილი თუ ბრიუსელის გზავნილი ასახონ საკუთარ გზავნილებში