შევამცირეთ 2024 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2.0%-მდე წინა 2.5%-დან – Galt&Taggart

2024 წლის იანვარ-აგვისტოში მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, რაც დიდწილად სტაბილურმა ლარის კურსმა განაპირობა, შევამცირეთ 2024 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2.0%-მდე წინა 2.5%-დან, ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.
2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1.0%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 1.8%-იანი ინფლაციის შემდეგ. ინფლაციის შენელება ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის 1.1%-მდე შენელებამ (+1.9% წ/წ წინა თვეში) და შერეული საქონლის ფასების 1.1%-იანმა კლებამ. ამასთან, აგვისტოში შენელებული იყო იმპორტირებული ინფლაცია 3.0%-მდე (+3.7% წ/წ წინა თვეში).
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, აგვისტოში ასევე შემცირდა და 0.9% შეადგინა წინა თვეში არსებული 1.1%-იანი დონიდან.
2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (+7.4% წ/წ, +0.89პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.5%, +0.31პპ), სასტუმროები და რესტორნები (+7.3%, +0.24პპ), კავშირგაბმულობა (-12.7% წ/წ, -0.48პპ) და კომუნალურები (-2.6% წ/წ, -0.21პპ).
ამასთან, თვიურ ჭრილში აგვისტოში 0.1%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, რომელიც ძირითადად კავშირგაბმულობის (-5.7% თ/თ, -0.20პპ) ჯგუფში ფასების კლებამ განაპირობა.