ევროკავშირს დონალდ ტრამპის ბოლო სატარიფო მუქარა აშფოთებს. განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი ევროგაერთიანების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრს, გერმანიას აქვს. ბრიუსელსა და ბერლინს მოლაპარაკებების იმედი აქვთ – მნიშვნელობა არა აქვს, ეს თუნდაც ბოლო მომენტში მოხერხდეს.
აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდის შედეგები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე სხვადასხვანაირად აისახება. გერმანიას ევროკავშირში უდიდესი ეკონომიკა აქვს და შესაბამისად, ყველაზე მეტი საქონელი და მომსახურება გააქვს სხვა ქვეყნებში, მათ შორის (და განსაკუთრებით) – შეერთებულ შტატებში. გასულ წელს შეერთებული შტატები გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო, ვაშინგტონსა და ბერლინს შორის საქონლის გაცვლის მოცულობამ კი 259 მილიარდი ევრო შეადგინა. ამიტომ, აშშ-ის მთავრობასთან სატარიფო დავის გამო, გერმანია განსაკუთრებით დაზარალდა.
ეს კარგად ხსნის, თუ რატომ აკეთებს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აქცენტს დეესკალაციაზე და უკვე რამდენიმე კვირაა, საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას ითხოვს. აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო მუქარის შემდეგაც კი, გერმანიის კანცლერი აშშ-ის მთავრობასთან შემდგომი მოლაპარაკებების მომხრეა. შაბათ-კვირას ევროკავშირისადმი გაგზავნილ წერილში, დონალდ ტრამპმა 1 აგვისტოდან 30 პროცენტიანი ტარიფების შემოღება დააანონსა.
მერცს სურს, დარჩენილი სამი კვირა იმისთვის გამოიყენოს, რომ გამოსავალის პოვნა მოახერხოს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ უფრო მაღალი ტარიფების დაწესება გერმანიის საექსპორტო ინდუსტრიას ძირფესვიანად დააზიანებს“, – ასეთი გაფრთხილებით გამოვიდა კანცლერი მერცი გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის (ARD) მიცემულ ინტერვიუში. ბოლო კვირების განმავლობაში, მერცი ტრამპს რამდენჯერმე ესაუბრა პირადად – თეთრ სახლში მისი ინაუგურაციის დროს, კანადაში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე და ჰააგაში ნატო-ს შეხვედრის კულუარებში.
შემთხვევითი არ არის ის, რომ გერმანიის ფედერალური კანცლერი ავტომობილების წარმოების, მანქანათმშენებლობის, ფარმაცევტული და ქიმიური მრეწველობის სექტორებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის სასწრაფოდ გადაწყვეტას ითხოვს – ეს არის სექტორები, რომლებშიც გერმანია ლიდერობს და რომლებიც მაღალი საბაჟო გადასახადებით განსაკუთრებით ზარალდება. ევროკავშირიდან ამერიკაში იმპორტირებული საქონლის სამ მეოთხედზე მეტს ამჟამად 10-პროცენტიანი ფიქსირებული საბაჟო გადასახადი ეხება. ამას ემატება 25 პროცენტი ავტომობილებსა და ავტონაწილებზე და 50 პროცენტი – ფოლადისა და ალუმინის პროდუქტებზე.
გერმანიის საავტომობილო მრეწველობის ასოციაცია (VDA) ავტომწარმოებლების მრავალმილიარდიან დამატებით დანახარჯებზე საუბრობს. მარტო აპრილში, დამატებითმა ხარჯებმა ამ სექტორში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო შეადგინა. შესაძლო მასშტაბური ზემოქმედებით ფოლადის მრეწველობის ასოციაციაც შეშინებულია: თუ ევროპაში ფოლადი იმ ქვეყნებიდან შემოვა, რომელთათვისაც აშშ-ს ბაზარი მაღალი ტარიფების გამო არის მიუწვდომელი, ამან ისედაც დაძაბულ ბაზარს, შესაძლოა, დამატებითი სირთულეები შეუქმნას.
ევროკავშირის სხვა დიდი ეკონომიკები, როგორებიც იტალია და საფრანგეთი არიან, აშშ-სთან საბაჟო დავებით გერმანიაზე ნაკლებად ზარალდებიან, რადგან შეერთებულ შტატებთან მათ უფრო მცირე სავაჭრო ბალანსი აქვთ. თუმცა, მის საავტომობილო ინდუსტრიაზე სერიოზული გავლენის გამო, იტალიაც შეშფოთებულია. ეს განსაკუთრებით ეხება იტალიურ-ფრანგულ ჰოლდინგ Stellantis-ს, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორიცაა „ფიატი“, „სიტროენი“ და „პეჟო“.
შეშინებულები არიან ფრანგი მეღვინეები და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებიც, ისევე როგორც საავიაციო კონცერნ „ეარბასის“ მფლობელები, რომლებიც ქარხნებს გერმანიაშიც ფლობენ. ირლანდიის ექსპორტის მესამედი აშშ-ში მიდის, რის გამოც მასაც ბევრი აქვს დასაკარგი: დაბალი გადასახადების მქონე ეს ქვეყანა ევროპიდან შეერთებულ შტატებში ფარმაცევტული პროდუქტების უდიდეს ექსპორტიორად იქცა. აშშ-ს მთავრობა კი ფარმაცევტულ პროდუქტებზე უფრო მაღალი გადასახადების შემოღებას აპირებს. მისი შედეგები თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
გერმანულმა ინდუსტრიამ ევროკომისიას კონტრზომების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რათა მოლაპარაკების გზით საკითხის გადაწყვეტის შანსები არ შემცირდეს. ევროკომისია 27 წევრი სახელმწიფოს სახელით გამოდის, როცა საქმე საგარეო სავაჭრო პოლიტიკის საკითხებს ეხება. პრინციპში, ის მხარს უჭერს ბრიუსელის კურსს, მოლაპარაკებები ბოლო წუთამდე გააგრძელონ და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, კონტრზომები მოამზადონ. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ფედერალური კანცლერი მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამაზე შაბათ-კვირას ტრამპის წერილის მიღების შემდეგ შეთანხმდნენ.
ევროკავშირის საპასუხო ზომების პირველი პაკეტი, რომელიც აშშ ის ფოლადისა და ალუმინის ტარიფების კომპენსირებას ისახავდა მიზნად, ორშაბათიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ევროკომისიამ მისი ამოქმედება აგვისტომდე შეაჩერა, რათა მოლაპარაკებებისთვის მეტი სივრცე შექმნილიყო. ბრიუსელს იმედი აქვს, რომ ტრამპის წერილი მხოლოდ მოლაპარაკებებზე ზეწოლის ინსტრუმენტი იყო. ამავე დროს, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ვაჭრობის მინისტრებმა ბრიუსელში 72 მილიარდი ევროს მოცულობის მეორე, უფრო მასშტაბური კონტრზომების სიაც განიხილეს.
ხშირად ხაზგასმული ერთიანობის მიუხედავად, ვაშინგტონის მიმართ დამოკიდებულებაში ევროკავშირში არსებული განსხვავებები სულ უფრო აშკარა ხდება. წესად იქცა: რაც უფრო მაღალია ტრანსატლანტიკურ ვაჭრობაზე დამოკიდებულება, მით უფრო ფრთხილად გამოხატავენ მთავრობები საკუთარ პოზიციას. მაშინ, როცა გერმანიის ფედერალური კანცლერი თავშეკავებულია (ჯერჯერობით), საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი პლატფორმა X ზე ძლიერ უკმაყოფილებას გამოთქვამს და კონტრზომების მიღებას მოითხოვს. ავსტრიის ეკონომიკის მინისტრი, ვოლფგანგ ჰატმანსდორფერი კიდევ უფრო შორს მიდის: ის ამბობს, რომ ევროკავშირმა მეტი თავდაჯერებულობა უნდა აჩვენოს და მესამე საპასუხო პაკეტი მოამზადოს, რომელიც, შესაძლოა, აშშ ის ციფრულ გიგანტებსაც კი შეეხოს.
1tv.ge
