პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დაიწყო ახალი სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთი ნახევარსფეროს დასაცავად. ამ ოპერაციის სამიზნე ვენესუელაა, რომელსაც აშშ ნარკოტიკების გავრცელებაში ადანაშაულებს.
თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა მოქმედების ბრძანება გასცა და მას ომის დეპარტამენტი* ასრულებს.
ჰეგსეთის ინფორმაციით, დაწყებულია ოპერაცია Southern Spear(სამხრეთის შუბი), რომელსაც უხელმძღვანელებენ სპეციალური ოპერატიული ჯგუფი და შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა (Southcom).
„ეს მისია დაიცავს ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ნახევარსფეროდან განდევნის ნარკოტერორისტებს და ჩვენს სამშობლოს დაიცავს ნარკოტიკებისგან, რომლებიც ჩვენს ხალხს კლავს“, – წერს ჰეგსეთი სოციალურ ქსელ X-ში.
შეერთებული შტატების არმიის სამხრეთის სარდლობის პასუხისმგებლობის ზონა ლათინურ ამერიკას და კარიბის ზღვის აუზს მოიცავს. ცოტა ხნის წინ სარდლობის განკარგულებაში გადაიყვანეს ავიამზიდი Gerald R. Ford, რომელიც პუერტო-რიკოში დისლოცირებულ სხვა ამერიკულ სამხედრო გემებს და თვითმფრინავებს შეუერთდა.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელას ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. ბოლო ხანს ამერიკელმა სამხედროებმა არაერთხელ დაარტყეს ვენესუელის გემებს, რომლებსაც ვაშინგტონის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს შემუშავებული აქვს მოქმედების რამდენიმე გეგმა, მათ შორის ვენესუელის ხელისუფლებიდან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შესაძლო, ძალისმიერი მეთოდებით ჩამოშორება.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან. ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
მადუროს, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, აშშ ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობს.
*2025 წლის სექტემბრიდან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, თავდაცვის დეპარტამენტის, ანუ თავდაცვის სამინისტროს მეორე სახელი ომის დეპარტამენტია.
ფორუმი




