შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა „ეპშტეინის ფაილების“ გამოქვეყნებას

შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა ამერიკელი ფინანსისტის, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის ყველა არასაიდუმლო მასალის გამოქვეყნებას.
ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს ციხის საკანში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.
დემოკრატები ეჭვობენ, რომ ეპშტეინის ძალადობის შესახებ იცოდა მისმა მეგობარმა დონალდ ტრამპმაც და ერთ-ერთ მსხვერპლთან ურთიერთობაც ჰქონდა.
ტრამპი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ეპშტეინთან ურთიერთობა 2000-იანი წლების დასაწყისში, მის პირველ დაკავებამდე ორი წლით ადრე შეწყვიტა.
18 ნოემბერს კონგრესის წარმომადგელეთა პალატამ 427 ხმით დაუჭირა მხარი ორპარტიულ კანონპროექტს „ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის შესახებ“. იმავე დღეს კანონპროექტი მიიღო სენატმაც.
კანონპროექტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. თუ ის ვეტოს უფლებით არ ისარგებლებს, ან ვეტოს შემთხვევაში მას კონგრესი დაძლევს, იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იქნება გამოაქვეყნოს გამოძიების ყველა არასაიდუმლო მასალა.
გასული კვირის ბოლოს ტრამპმა რესპუბლიკელ კონგრესმენებს მოუწოდა, კანონს მხარი დაუჭირონ, რადგან დასამალი არაფერი აქვს.
გასულ კვირაში დემოკრატმა კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს ელექტრონული წერილები, მათ შორის ეპშტეინისა და მისი მეგობარი ქალის, გისლეინ მაკსველის მიმოწერა. ზოგიერთ მათგანში ტრამპიც ნახსენებია, თუმცა ეს წერილები არ შეიცავენ მტკიცებულებას, რომ დონალდ ტრამპს კავშირი ჰქონდა რაიმე დანაშაულთან.
გისლეინ მაკსველი 20-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით.
დემოკრატების შემდეგ გასულ კვირაში რესპუბლიკელებმაც გამოაქვეყნეს ფაილები, რათა როგორც თავად განაცხადეს, წინააღმდეგობა გაუწიონ დემოკრატების მცდელობას, შეარჩიონ მხოლოდ მათთვის სასარგებლო დოკუმენტები. რესპუბლიკელების მიერ გავრცელებულ ფაილებში ნახსენებია არაერთი ცნობილი დემოკრატიც.
ფორუმი