მიმდინარე პიარული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა ყველა ის ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად ამ კანონს უკავშირდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მიმდინარე ხარჯები და ყველაფერი იქნება დეკლარირებული.
„ეს არის მიმდინარე ხარჯები და არსებითად მიმდინარე პიარული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა ყველა ის ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად ამ კანონს უკავშირდებოდა. აქციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იქნება წარდგენილი. ასეულობით ათასი ლარი დაჯდა ეს კონკრეტული ერთი აქცია, ანუ იაფი არ დამჯდარა და ეს ინფორმაციაც იქნება საბოლოო ჯამში წარდგენილი ანტიკორუფციულ სამსახურში. ყველაფერი იქნება დეკლარირებული ჩვენი მხრიდან. თუმცა, ასევე შეგიძლიათ, დაინტერესდეთ, საიდან ფინანსდება და ვინ არის ჩართული იმ აქციების დაფინანსებაში, რომელსაც ვხედავთ – იქ სცენის აღმართვას სჭირდება თავისი ხარჯები, პლაკატების გამოკვრას და მათ შორის პიარს სოციალურ მედიაში და ა.შ. იქაც დავინტერესდეთ, რა არის. ჩვენი მხრიდან სრულად იქნება დეკლარირებული ყველა ხარჯი, რომელიც ამ კამპანიას უკავშირდება“, – განაცხადა პრემიერმა.