“შეგვხვდით და მოისმინეთ ჩვენი მოსაზრებები” | საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პაპუაშვილს მიმართავენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს აპროტესტებენ:
“მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ, მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები. ” ნათქვამია მიმართვაში.
ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მხარი დაუჭირა. პირველი მოსმენით, 79 ხმით ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის მიხედვით, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მშპ-ს არანაკლებ 0,14%-ით ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი განისაზღვრა, რომლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები იყოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.
თითქმის 15 წელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის“ ოდენობით ხდება. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე დაფინანსების მოქმედი წესი რეალობას არ შეესაბამება.
„მაგალითად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს 69.6 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით 110.3 მლნ ლარის ოდენობით იგეგმება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ორგანიზაციის ბიუჯეტის მოცულობის პირდაპირ მთლიან შიდა პროდუქტთან დაკავშირება მიზანშეწონილი არ არის. ზოგადად ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი ისეთ ფაქტორებს უნდა ითვალისწინებდეს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტი უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივი ინიციატივაა. ინიციატორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, , დილარ ხაბულიანი და .