“კოალიცია ცვლილებებისთვს” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ხვალ 29 მაისს, მის სასამართლო სხდომაზე პროკურორები არ გამოცხადდებიან. პროცესში მოანწლებას არ აპირებს არც თავად მელია. სავარაუდოა, რომ სხდომა გადაიდება.
“ადოვკატს, გიორგ კონდახაშვილს სასამართლომ დაურეკა და ასეთი სანტერესო ამბავი შეატყობინა, რომ ორმა პროკურორმა – ცნობილმა ორმა პროკურორმა გოგონამ – წერილობით მიმართეს სასამართლოს, რომ ისინი ხვალ მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ტრენინგზე. შესაბამისად, არ იქნებიან თბილისში და ვერ დაესწრებიან სასამართლო პროცესს. სთხოვეს, რომ სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს მათ ეს გაცდენა.
შესაბამისად, ამ წუთის მდგომარეობით, პროკურორები ხვალინდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდებიან. არც ბრალდებული, არც პროკურორი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. მელიამ არ შეასრულა “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი კომისიის მოთხოვნა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას შეისწავლის. კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ის კომისიაზე გამოსაკითხად დაიბარა, მელიამ კი მისვლაზე უარი განაცხადა.
მელია, ისევე როგორც თითქმის ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, აცხადებს, რომ კომისიაზე არ მივლენ და ამით ირიბად არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას. ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც კომისიაზე მივიდა, გიორგი გახარიაა.
29 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე. სავარაუდოა, რომ შემდეგ სხდომაზე პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვს. ისე, როგორც ეს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევებში. მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაც.
კომისიაზე არ მივიდნენ, მაგრამ გირაო გადაიხადეს შემდეგმა პოლიტიკოსებმა – მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძემ და გივი თარგამაძემ.
