შაქარი და მისი სინთეზური შემცვლელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა – რისკის დონეს სპეციალისტები აფასებენ

შაქარი და მისი სინთეზური შემცვლელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა – რისკის დონეს სპეციალისტები აფასებენ
შაქარი და მისი სინთეზური შემცვლელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ჭარბი დოზით შაქრის მიღება მავნებელია, თუმცა გაცილებით საშიშია ალტერნატიული საშუალებები, რასაც საკვებ ინდუსტრიაში იყენებენ.
მეცნიერები ადასტურებენ, რომ თავისი მოქმედებით, შაქარი და მისი შემცვლელები არანაკლებ საშიშია ტრანსცხიმებზე, რომელთა მავნებლობის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის. შაქრის ჭარბი მოხმარება ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიც დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ალცჰაიმერის დაავადებებია, ასევე, სხვადასხვა ანთებითი პროცესები. შაქარს ადანაშაულებენ ასევე სიმსივნის ფართოდ გავრცელებაშიც.
შაქარი ,,თეთრი სიკვდილად” იწოდება, თუკი ის ჭარბი დოზით არის გამოყენებული. ხშირად მის ნაცვლად სხვა დამატკბობლებს იყენებენ, როგორიცაა, მაგალითად, საქარინი და ასპარტამი, რომელიც 300-ჯერ ტკბილია და მისი მოხმარება დიდი მავნებლობაა.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნახევრად დამოუკიდებელ კომიტეტში აცხადებენ, პოპულარული ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი ათასობით პროდუქტში გვხვდება, მათ შორის გაზიან სასმელებსა და უშაქრო საღეჭ რეზინებში. ორგანიზაცია ითხოვს, რომ ამ პროდუქტს „ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენის“ კატეგორია უნდა მიენიჭოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს მიერ მიმოხილული ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ შეიძლება არსებობდეს კავშირი ასპარტამსა და ღვიძლის კიბოს შორის. თუმცა, ასეთი დასკვნა საბოლოო არ არის, როგორც ეს თუნდაც აზბესტისა და თამბაქოს შემთხვევაშია.
ასპარტამი ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ საკვებ დანამატად მიიჩნევა არსებულთა შორის. მრავალი მარეგულირებელი ორგანო, მათ შორის, -ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გამუდმებით აღნიშნავს, რომ გარკვეული მითითებების ფარგლებში გამოყენებისას, ასპარტამი ადამიანებისათვის უსაფრთხოა. უფრო მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცალკე კომიტეტმა ასევე ჩაატარა ასპარტამის რისკების შეფასება და აცხადებს, რომ ორგანიზაციის საკუთარი სახელმძღვანელო შეცვლას არ საჭიროებს.
ზოგიერთი მეცნიერი და საკვებისა და სასმლის მწარმოებელი შიშობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „შესაძლო კანცეროგენურის“ იარლიყი მომხმარებლებს დააბნევს.
ასპარტამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ხელოვნური დამატკბობელია. უკვე ათწლეულებია, რაც ის ბაზარზეა. კალორიების კონტროლის საბჭო — საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც დაბალ და შეზღუდული რაოდენობის კალორიების სურსათისა და სასმელების ინდუსტრიას წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ გლობალურად ასპარტამი დაახლოებით 6000 პროდუქტში გვხვდება.
ასპარტამი შეიძლება შეგხვდეთ ისეთ პროდუქტებშიც, რომლებშიც ვერც კი წარმოიდგენთ. მაგალითად, კბილის პასტებსა და მედიკამენტებში. როგორც წესი, მის შემცველ პროდუქტებს აწერია „დიეტური“ ან „უშაქრო“.
ასპარტამს შეიცავს უშაქრო გაზიანი სასმელები, ყავის დამატკბობლები და ზოგიერთი წვენი. საკვებში ასპარტამი ხშირად გვხვდება დაბალკალორიულ ნაყინებში, ჟელატინში; ასევე უშაქრო საღეჭ რეზინებში.
ასპარტამი გვხვდება გამაგრილებელ სასმელებში ისეთ დანამატებთან ერთად, როგორიცაა ტარტრაზინი, ბეტა-კაროტინი, სუკრალოზა აზორუბინი – ეს იმ ნივთიერებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქართული გამაგრილებელი სასმელები შეიცავს და ეს ყველაფერი ბოთლზე მიმაგრებულ ეტიკეტზეა დატანილი.
ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, აკადემიკოს რამაზ გახოკიძის თქმით, განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს შაქრის შემცვლელები (დამატკბობლები), რომელთაც ფართოდ იყენებენ დიეტურ (დაბალკალორიულ) პროდუქტებსა და საღეჭ რეზინებში და მათ რეკლამებს უწევენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. მაგალითად, სწორედ ასეთია ასპარტამი, რომელსაც ქართველი მწარმოებლები იყენებენ. იგი არაკალორიული დამატკბობელია, რომელიც შედგება ბუნებრივი ამინმჟავების (ასპარაგინის მჟავა, ფენილალინი) ნაშთებისგან. იგი ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით: ნუტრისვიტი, სვიტლი, სლასტილინი, სუკრაზიდი და გამოიყენებენ 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის (უალკოჰოლო სასმელები, საღეჭი რეზინები და ა. შ.) დასამზადებლად.
,,საკვებით უბრალოდ, ყოველდღიურად ვიწამლავთ თავს. ადამიანი ყოველწლიურად საკვებთან ერთად იღებს 3 კილოგრამ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას – პესტიციდებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოს და სუნის გამაძლიერებლებს. მაგალითად, ვაშლს კანადაში სეზონის განმავლობაში 70-ჯერ წამლავენ სხვადასხვა ქიმიკატებით. ყველა სინთეზური შაქრის შემცვლელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის”, – განაცხადა რამაზ გახოკიძემ.
რაც შეეხება ასპარტამს, აკადემიკოსის შეფასებით, დადგენილია, რომ მისი ხანგრძლივად გამოყენება იწვევს თავის ტკივილს, გულის აჩქარებას, თავბრუსხვევას, ღებინებას, საჭმლის მონელების დარღვევას, ხმაურს ყურებში, ალერგიას, დეპრესიას, უძილობას. 30 გრადუსამდე ტემპერატურამდე გაცხელებით იგი იშლება მეთანოლად.
რამაზ გახოკიძის თქმით, აშშ-ში გავრცელდა გაფანტული სკლეროზის ეპიდემია. სწორედ მეთანოლით მოწამვლა იწვევს გაფანტული სკლეროზის იმიტაციას. ხშირად მეთანოლით მოწამვლა ეშლებათ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზში.
,,ასპარტამით მოწამვლის შედეგად მრავალი ადამიანი დაბრმავდა. მისი დაშლით გამოყოფილი მეთანოლი თვალის ბადურაში გარდაიქმნება ფორმალდეჰიდად -უძლიერეს კანცეროგენად, რომელიც ცხოველებში იწვევს ტვინის კიბოს. ფორმალდეჰიდი კლასიფიკაციით მიეკუთვნება იმავე ჯგუფს, რასაც დარიშხანი და ციანწყალბადმჟავა – სასიკვდილო შხამები. ასპარტამი წარმოადგენს ნევროლოგიურ დაავადებათა განვითარების მიზეზს. იგი ცვლის ქიმიურ ნივთიერებათა შემცველობას ტვინში, კერძოდ, იწვევს დოფამინის დონის ცვლილებას.
წარმოიდგინეთ, თუ რა ზიანს მიაყენებს ასპარტამი პარკინსონით დაავადებულ ავადმყოფს. იგი განსაკუთრებით დიაბეტიკებისთვის არის საშიში. მისი გავლენით სისხლში შაქრის დონე არაკონტროლირებადი ხდება, რის შედეგადაც მრავალი პაციენტი კომაში ვარდება და კვდება. შეიმჩნევა ასევე მეხსიერების მკვეთრი დაკარგვის შემთხვევები, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ასპარაგინის მჟავა და ფენილალანინი ცილის წარმომქმნელი სხვა ამინმჟავების არარსებობის შემთხვევაში, ნეიროტოქსიკურია. ფენილალანინი გროვდება თავის ტვინის სტრუქტურებში, რაც იწვევს გონებრივ ჩამორჩენას. ტვინის სიმსივნეში აღმოჩენილ იქნა ასპარტამის მაღალი შემცველობა”, – აღნიშნავს რამაზ გახოკიძე.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული მეცნიერების დიდი გამარჯვებაა შაქრის შემცვლელი უნიკალური მცენარის სტევიას ფართოდ გავრცელება, რომლის პლანტაციებიც აჭარისა და გურიის რეგიონებშია გაშენებული. ამ კულტურის გამრავლება-მოშენება კი სწორედ რამაზ გახოკიძის ცნობილი პრეპარატით – ,,ბიორაგით” – მოხდა.
,,გასული საუკუნის 80-იან წლებში სტევიას არსებობა არავინ იცოდა, ახლა ამ მცენარის უნიკალურ თვისებებს თითქმის ყველა იცნობს. აჭარასა და გურიაში მთელი პლანტაციებია. ეს მცენარე შეიცავს სტევიოზიდს, რომელიც 300-ჯერ ტკბილია შაქარზე, არის უვნებელი, არ იწვევს კარიესს, არ ასუქებს (რადგან მისი კალორიულობა 0-ის ტოლია და ახასიათებს ანტიციროზული და ანტიდიაბეტური აქტივობაც კი).
დღეს არსებული ხელოვნური დამატკბობლების გამოყენებით ამზადებენ ლიმონათს, რასაც, ძირითადად, მიირთმევენ ბავშვები, რის გამოც მათი ჯანმრთელობა სერიოზულ საფრთხეშია. ჩვენ შეგვიძლია ქართულ ბაზარზე ეს მავნე ნივთიერებები (რომელთა უმრავლესობა ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენებიდან არის დამზადებული) სრულად ჩავანაცვლოთ, ამის პოტენციალი და რესურსიც გაგვაჩნია”, – განაცხადა აკადემიკოსმა.
გარდა ამისა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, შაქარს შეუძლია გამოიწვიოს უჯრედების დაზიანება და ნაადრევი დაბერების მიზეზიც გახდეს. ამის გამო, აუცილებელია ადამიანმა საგრძნობლად შეამციროს მისი მოხმარება და სასარგებლო ალტერნატივები გამოძებნოს.
კვების სეგმენტში კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს სურსათის სფეროს სპეციალისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია. მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა შაქრით გამოწვეული დაავადებები, რაზეც განგაში უნდა გამოცხადდეს და სახელმწიფომ პრევენციული ზომები დროულად მიიღოს.
,,დავიწყებ საქარინით, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. ადამიანი ყველაფერს მიეჩვია, დიაბეტის შიშით შაქარი საქარინით ჩანაცვლდა. მერე აღმოჩნდა, რომ ასე არ არის და მეტი რისკები შეექმნა კაცობრიობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სად იყო ამდენ ხანს, აქამდეც უნდა აეტეხათ განგაში, რეალურად დიდი საფრთხეა.
შაქრის ჭარბი გამოყენება იწვევს დიაბეტს, რომელიც ურთულესი ვერაგი დაავადებაა. წონაში მატებას, წყლულების გაჩენა ფეხებზე და სხვა. მასობრივი საშუალებებით უნდა გავრცელდეს ინფორმაცია და ჯანსაღი კვების პროპაგანდა გავწიოთ. შაქრით გამოწვეული სიმსუქნე გლობალური პრობლემაა. ხოლო ჭარბწონიანობა, თავის მხრივ, არაერთი დაავადების გამომწვევია.
პრევენციის სხვაგვარი მეთოდია საჭირო, რომ ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იცოდნენ შაქრის მავნე გავლენა, რომლის სხვა დანამატებით ჩანაცვლება კიდევ უფრო მეტ რისკს შეიცავს. საქარინის მიღება შაქრის ნაცვლად გამოსავალი არ არის, რაც ყველამ უნდა გააცნობიეროს. “კოკა-კოლა” ძალიან უყვართ ბავშვებს, მაგრამ უშაქრო კიდევ უფრო საშიშია, უმჯობესია, პროდუქტი შაქრით დამზადდეს, ვიდრე იაფფასიან დანამატებით ჩანაცვლდეს.
სახელმწიფოს პირველი საზრუნავი ჯანდაცვა უნდა იყოს, ეს ზრუნვა ყველა მოქალაქეზე იგრძნობოდეს , 40 წელს გადაცილებულ თითქმის ყველა ადამიანს შაქარი აქვს, ეს არის საგანგაშო ფაქტი, ამიტომ არსებობს პრევენციული გზები, რაც აუცილებლად უნდა გამოინახოს”, – განმარტავს ლია კვარაცხელია.
ამდენად, როცა ისმება კითხვა, შაქარი თუ შაქრის შემცველი, სპეციალისტები ერთხმად პასუხობენ, რომ არც ერთი და არც მეორე! ამ სიტუაციიდან გამოსავალია, როგორმე შემცირდეს ტკბილეულის გამოყენება და ჯანსაღი კვება უალტერნატივო გახდეს!
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე