“შარშან 800 წევრი გვყავდა, წელს 400 გვყავს”- რატომ იხურება მცირე ზომის სასურსათო მაღაზიები ქვეყანაში?

ბოლო ერთ წელიწადში მცირე ზომის სასურსათო მაღაზიების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა. მაღაზიათა ასოციაციის ინფორმაციით, მათი კომპანიების რაოდენობა 800-დან 400-მდე შემცირდა. დისტრიბუტორები კი მაღაზიების დახურვის გამო მიწოდებული პროდუქციის დანაკარგებზე საუბრობენ, რომელსაც მაღაზიები დახურვის შემდეგ აღარ იხდიან.
ქვეყანაში მცირე ზომის მაღაზიების რიცხვი ყოველწლიურად იკლებს, თუმცა ამის პარალელურად ქსელური მაღაზიები ფართოვდება, რომელსაც მცირე ზომის ობიექტები კონკურენციას ვერ უწევენ.
მაღაზიათა ასოციაციაში ამბობენ, ქსელურ მაღაზიებში პროდუქცია უკეთესი პირობებით შედის, მცირე მაღაზიებს კი ამ ფონზე ოპერირება აღარ უღირთ. სანდრო სუბელიანი აცხადებს, რომ დისტრიბუტორებსა და მცირე ზომის მაღაზიებს შორის ურთიერთობა იურიდიულადაც გაუმართავია, რის გამოც ხშირად მიმწოდებლები მაღაზიის დახურვის შემდეგ ზარალს ნახულობენ, ჩივიან სასამართლოში, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხდება.
“ჩვენ გვყავდა 800-მდე წევრი შარშან ამ დროს, დღეს კი 400-მდე წევრი გვყავს, მათ შორის დიდი ნაწილი თბილისშია. ბუნებრივია, მხოლოდ ქსელური მარკეტების გაძლიერებით არ არის განპირობებული, თუმცა ძირითადი ფაქტორი მაინც ეს არის რომ კონკურენციას მაღაზიები ვერ უძლებენ და ამ არაჯანსაღ კონკურენციაში შესვლას ხელს დისტრიბუტორებიც უწყობენ.
როდესაც მაღაზიები იხურება და დავალიანება რჩებათ დისტრიბუტორებისა და სხვა მიმწოდებლების მიმართ საქმე სასამართლომდე თითქმის ყოველთვის მიდის. თუმცა სასამართლოსთვის მიმართვა ერთია, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება რამდენად არის აღსრულებადი მეორე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით იმდენად არ აქვთ იურიდიულად ურთიერთობები განვითარებული მხარეებს ერთმანეთთან, რომ საბოლოოდ ჯამში ვერ ახერხებენ, რომ მაღაზიის დასრულების შემდგომ შეძლონ გარკვეული თანხების მიღება. ეს განპირობებულია იმით, რომ მცირე ზომის მაღაზიები დაფუძნებულია პატარა შპს-ს სახით და მათ რაიმე ტიპის ქონება საკუთარ სახელზე არ ერიცხება, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ფურცელზე რჩება დაწერილი,”- ამბობს მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარე სანდრო სუბელიანი.