ქართული ელექტრონული კომერციის- VELI.store-ის თქმით, 2024 წელი მათთვის სირთულეების მიუხედავად, მაინც ნაყოფიერი იყო.
კომპანიის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის, გიორგი ბერეჩიკიძის შეფასებით, „ველის“ ისევე, როგორც მთლიან ბიზნესსექტორს, უფრო მეტის მიღწევის პოტენციალი ჰქონდათ, რაშიც მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონი იყო.
VELI.store-ში გვიყვებიან, რომ საახალწლო განწყობა მომხმარებლებში არ არის, თუმცა კომპანიის წელი სხვა პროდუქციისა და ფასდაკლების კვირეულის ხარჯზე მაინც წარმატებული იყო.
“ჩვენი ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ჩვენ ის შედეგი გვქონდა, რისი მიღწევაც გვინდოდა – წლიდან წლამდე ზრდას ვაგრძელებთ. ვიტყოდით, რომ ბევრად მეტის მიღწევა შეგვეძლო არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ზოგადად- ბიზნესს. გაზაფხულზე, იმ ორი თვის განმავლობაში, საკმაოდ რთული პერიოდი გვქონდა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბიზნესსპექტრს. ახლაც, მარტივად რომ გითხრათ, ისეთი პირი უჩანს, რომ არავის ამ ქვეყანაში საახალწლო განწყობა არ აქვს. ჩვენი კომპანია საახალწლო საჩუქრებითა და შეფუთვებითაა ცნობილი, შარშანდელთან შედარებით წელს ნაკლებად იგრძნობა ეს განწყობა. მოთხოვნის მხრივ, ჩვენ გავედით იმ შედეგამდე, რაც გვინდოდა. გაყიდვებს კლება დაეწყო, თუმცა უფრო იმ პროდუქციების მიხედვით, რასაც ადამიანები ამ დროს ყიდულობენ, მაგალითად: საახალწლო ნივთები, საჩუქრები და სხვა. ზოგადად, ჩვენ მხოლოდ ამ პროდუქციას არ ვყიდით გვაქვს საყოფაცხოვრებო და ყოველდღიური მოხმარების ნივთებიც, რაც ჩვენთან მაინც იყიდება. ადამიანები ამ ჩვევას არ იცვლიან. „შავი პარასკევის“ დროს საახალწლო პოზიციები ძალიან კარგად გაიყიდა, თუმცა დეკემბრის პერიოდში ეს განწყობა, რაც ახლა ქვეყანაშია, კლიენტების ქცევაზეც აისახა. ვგულისხმობ, საახალწლო სასაჩუქრე ნივთების გაყიდვას. ჯერჯერობით ადამიანებმა ახალი წლისთვის ვერ მოიცალეს, ასევე თავს იკავებენ ძვირიანი შენაძენისგან”,- ამბობს „კომერსანტთან“ გიორგი ბერეჩიკიძე.
მისი თქმით, VELI.store არც ერთ ბიზნესგაერთიანების მოწოდება არ შეერთებია, მათ შორის არც “თავისფალი ბიზნესების პლატფორმას”, თუმცა კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს საშუალება საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსიროს.
,,არ მგონია, რომ ჩვენ რამე განსაკუთრებული როლი მიგვიძღვის ამ პროცესში, გარდა იმისა, რომ „ველის“ ყველა თანამშრომელს შეუძლია, თავისი ინდივიდუალური აზრი გამოხატოს იქ, სადაც თვლის, რომ მისი ყოფნა საჭიროა. ამის მიღმა, არც ერთ მხარესთან ჩვენ საუბარი და კომუნიკაცია არ გვქონია. მგონი, არც ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ბიზნესები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ადამიანები კი ინდივიდუალურად აზრს გამოხატავენ. სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია, თუმცა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში გავიმყაროთ პოზიციები, როგორც პირველი კომერციის და კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ვფიქრობთ, სხვა ქვეყნებშიც გასვლაზე, რაც საკმაოდ გრძელი პროცესია, თუმცა ვეცდებით მზადება დავიწყოთ; ამისთვის ყველანაირი ნიადაგი გვაქვს”,- აღნიშნა კომპანიის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერეჩიკიძემ.