შარშანდელთან შედარებით თხილის ფასი 1-1.5 ლარით გაზრდილია – ასოციაცია

თხილის მოსავლის აღების პერიოდი უკვე დაიწყო.
როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა BM.GE-სთან ამბობს, მათი პროგნოზით მოსავლის მოცულობა გასული წლის მაჩვენებელს მინიმუმ 5%-ით გადააჭარბებს და სავარაუდოდ, 50 ათას ტონას მიაღწევს.
მისი თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ თხილის ფასი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა: სველი თხილი 5–6 ლარი ღირს, რაც 1–1.5 ლარით მეტია შარშანდელზე. გაშრობის შემდეგ კი ფასი 7 ლარის ფარგლებშია, რაც ფერმერებისთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს.
„ფერმერები, რომლებმაც დროულად ჩაატარეს წამლობები და სათანადოდ მოუარეს ბაღებს, მაღალი ხარისხის მოსავალს მიიღებენ. მოუვლელი ბაღების შემთხვევაში ხარისხი შედარებით დაბალია, თუმცა ამჟამინდელი მშრალი და ნორმალური ამინდი პროდუქციის შენარჩუნებას ხელს უწყობს“, – ამბობს ჭითანავა.
ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ხელსაყრელი ამინდებისა და ფასის ზრდის ფონზე ექსპორტის მოცულობა 2025/2026 წლის სეზონზე შესაძლოა $130 მილიონს გადააჭარბოს.
გასულ წელს, საქართველომ 17 722 ტონა თხილის რეალიზაციიდან $106.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. ხოლო 2023 წელს, გაყიდული 18 802 ტონა თხილიდან მიღებული შემოსავალი, მხოლოდ $89.5 მლნ-ს შეადგენდა. მონაცემებით დგინდება, რომ თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ქვეყანას 18.7%-ით გაეზარდა. ქვეყნისთვის, გასულ წელს მთავარი საექსპორტო ბაზარი იტალია იყო, სადაც 3 791 ტონა ქართული თხილი გაიყიდა, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი $18.1 მლნ-ს შეადგენდა. შემდეგ მოდის ესპანეთი — 1 924 ტონა და $14.5 მლნ. გერმანიაში ექსპორტირებული იყო 1 322 ტონა თხილი, ღირებულებით $9.2 მლნ. საფრანგეთში გაიყიდა 799 ტონა, რომლის ღირებულება $6 მლნ დოლარს შეადგენდა, ხოლო სომხეთში — 1 235 ტონა, ღირებულებით $5.5 მლნ დოლარი.