ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს არამარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
ამის შესახებ მან დღეს, 8 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მიმდინარეობისას მედიასთან განაცხადა.
როგორც შარლ მიშელმა განაცხადა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საკითხს ევროპულ საბჭოში შეაფასებენ და ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან.
„[საქართველოში] ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს სერიოზულ გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესის შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.