შარაშიძე: გვინდა, ოცნებას არ მივცეთ დამაზიანებელი ნაბიჯების განხორციელების საშუალება

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ქართული ოცნების პარლამენტში მივიდა. პარტიის წევრები უკვე პარლამენტში არიან და დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.
სასესიო დარბაზის ტრიბუნასთან ბოიკოტის შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა გიორგი შარაშიძემ და თქვა, რომ მათი მიზანია – “ოცნებას ხელი შეუშალონ და არ მისცენ მომავალში ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების განხორციელების საშუალება”.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ხმა და განსხვავებული ხმა, რომელიც აქამდე არ ისმოდა საქართველოს პარლამენტში, აქ, ამ დარბაზში და ამ ტრიბუნაზე გავახმოვანოთ. მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების გაყალბების შემდეგ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, პირველ რიგში, საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმის გამო, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახავი კანონების მიღების გამო და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის გამო ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა.
სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც დაიწყო ტოტალური კამპანია ბოიკოტის სასარგებლოდ, მუნიციპალური ს ბოიკოტის სასარგებლოდ და ეს დასრულდა 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, ამას ოცნებას სამწუხაროდ მისცა საბაბი, დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისი, დაებრუნებინა ამომრჩეველი და გადაელახა ლეგიტიმაციის ის კრიზისი, რომლის წინაშეც ის იდგა ამ წლის დასაწყისში.
ამიტომ, როდესაც საუბარია იმაზე, ისმის კითხვა, ვინ აძლევს ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს – ეს კითხვა პირველ რიგში უნდა დაუსვან იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის პროვოკაციის მოწყობაში. ოცნება არის დე ფაქტო ხელისუფლება, პარლამენტში გვინდა ის, რომ ოცნებას ხელი შევუშალოთ და არ მივცეთ მომავალში ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების განხორციელების საშუალება”, – თქვა გიორგი შარაშიძემ.
20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის ბოიკოტს წყვეტს და ქართული ოცნების პარლამენტში შედის.