შამბა: “კონფლიქტის დასაძლევად საჭიროა საუბარი”

ოკუპირებული ს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“ და “აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“.
„მე არაერთხელ მისაუბრია და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, – თქვა შამბამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთან (დევნილობაში), ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბარში, ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვაზე პასუხისას.
როგორც შამბა ამბობს, “როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან” ბევრი ჯერ კიდევ აგრესიულადაა განწყობილი, თუმცა ფიქრობს, რომ “დროთა განმავლობაში ეს გაივლის”.
“ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პრობლემის როგორღაც დაძვრა მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ. ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით და ამ კონფლიქტის დასაძლევად ჩვენ უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგებისა და შემდგომი თანაცხოვრების გზები“, – განაცხადა შამბამ.
ამ პოზიციას დაეთანხმა ვახტანგ ყოლბაიაც.