ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შამბა რუსულ სახელმწიფო, პროპაგანდისტულ მედია RIA-სთან ადასტურებს, რომ რუსეთი რეგიონში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს.
როგორც ის ამბობს, ბაზა, შესაძლოა, 2024 წლიდან ამოქმედდეს.
შამბას თქმით, მშენებლობა ჯერჯერობით არ დაწყებულა და ის დაპროექტების ეტაპზეა. მისივე მტკიცებით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული გემებისთვის ბაზის მშენებლობა “სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას შეესაბამება”.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებაზე ინფორმაცია გასული წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გაავრცელდა. ბჟანია ამბობდა, რომ რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. მისივე სიტყვებით, რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და “და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”.