ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი „ფორმულასთან“ ინტერვიუში ირწმუნება, რომ ნინო დათაშვილს მისი სურვილის წინააღმდეგ იძულებით ექსპერტიზას ვერავინ ჩაუტარებს. მისი თქმით, მართალია, მოსამართლემ კი დაადგინა იძულებითი ექსპერტიზა, მაგრამ იძულებითი – ნიშნავს სურვილის ნებაყოფლობითს. მისი აზრით, მოსამართლის მიერ დადგენილი იძულებითი მკურნალობაც ნიშნავს ნებაყოფლობით და მოსამართლის მიერ დანიშნული იძულებითი ექსპერტიზა და მკურნალობა თუ არ გსურს, უნდა უთხრა, ნახვამდის და გიპასუხებ – კარგად იყავით ქალბატონო.
დავით მაღრაძე ადასტურებს იმასაც, რომ სწორედ ის ფიგურირებს დისიდენტი ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის 40 წლის წინანდელ ფსიქიატრიულ დოკუმენტაციაშიც. ის დღესაც ფიქრობს, რომ დიაგნოზი გაყალბებული არ ყოფილა და არც შამანაურია დისიდენტი. იგი სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ შამანაურმა დაარღვია კანონი, რადგან დუშეთში ჩაამტვრია შუშები. პრაქტიკულად, დავით მაღრაძემ დღეს უკვე გარდაცვლილი შამანაურს დაუდგინა დიაგნოზი, სამართლებრივადაც დადო ბრალი და მისი პირადი ინფორმაციაც გაავრცელა ისე, რომ არც ვიცით არც ექსპერტიზის დეტალები, არც ექპერტიზის ჩამტარებელ პირთა ვინაობა და ბიოგრაფია და ა.შ.
მისივე თქმით, საბჭოთა ქვეყნებში ზოგადად ფსიქიატრია გამოიყენებოდა პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად, მაგრამ – არა საქართველოში.
“მოყვანა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად უნდა დავაწვინოთ. თუ პაციენტს არ სურს, რომ სტაციონარში მოთავსდეს და ჩაუტარდეს ექსპერტიზა, დგება ოქმი და ნახვამდის, კარგად იყავი, ქალბატონო თუ ბატონო და მთავრდება ასე, ექსპერტიზა არ უტარდება. ვინ თქვა, რომ ძალით უნდა დააწვინონ?! ძალით ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული ექსპერტიზა არ ტარდება. კი, შამანაურის თემაც იყო, გასაგებია. ჩაიდინა მაგან რაღაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დუშეთში ჩაამტვრია შუშები. დაინიშნა ექსპერტიზა და გამოკვლევის დროს ისეთი სიმპტომები ჰქონდა მაგას, რომ იცით რაა, მაგან მეო კომუნისტური სიწმინდისთვის ვიბრძვიო, იმიტომ რომ ლენინური სიწმინდე დაკარგა პარტიამო, დუშეთის რაიკომმაო. ის ცოტა სხვანაირი დისიდენტი იყო. დისიდენტი მინუსით. როგორ უნდა გააგზავნო ეგეთი ადამიანი ციხეში და სასამართლოზე, ასეთი პარაფრენიული ბოდვის მქონე ადამიანი. ქალთა განყოფილებაში, სადაც ეგ იწვა მისი მკურნალი ექიმი იყო მზია გოგიჩაიშვილი, კრიტალური ადამიანი, ვინ გაბედავდა ქალის წამებას, ვინ გაბედავდა საერთოდ ადამიანის წამებას”, – განაცხადა მაღრაძემ “ფორმულასთან” სატელეფონო ინტერვიუში.
