პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. მანვე შექმნა საკონკურსო კომისია, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
ცესკოს პროფესიული წევრებიდან ერთს უფლებამოსილების ვადა მომავალ კვირას გასდის, ხოლო სამ წევრს – თებერვალში. ამიტომ კონკურსის გამოცხადება გახდა საჭირო, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, უკვე პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივას წარმოადგენს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის ოთხი კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადებაზე ბრძანება დღეს გამოსცა.
მისივე განმარტებით, დაინტერესებულ პირებს დღეიდან აქვთ ორი კვირა – 3 იანვრამდე, რათა განაცხადები წარადგინონ.
პარლამენტი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ ცესკოს პროფესიულ წევრებს თებერვალში აირჩევს.
„კანდიდატებს შეუძლიათ ორი კვირის განმავლობაში მოგვმართონ და საკუთარი განცხადება წარმოადგინონ. პარლამენტის ვებ-გვერდზე ატვირთულია როგორც ბრძანება, ასევე ყველა ფორმა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ განცხადებით მოგვმართონ.
კონკურსის გამოცხადებასთან ერთად შევქმენი საკონკურსო კომისია – 7 წევრის შემადგენლობით. რეგლამენტის მიხედვით, კომისია შვიდიდან ცხრა წევრამდეა, მათ შორის ერთი წარმომადგენელი არის პრეზიდენტის. პარლამენტის აპარატი პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანდიდატის წარმოდგენასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი არ არის. ამიტომ, კომისია შვიდი წევრით შეიქმნება. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ და თუ სურვილი ექნება, შეგვიძლია კომისიის მუშაობაში მისი წარმომადგენელიც ჩავრთოთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა