: BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, კვლავ გავასაჩივრებთ მათ პოზიციას

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ BBC-სგან, რომელსაც საჩივრით მიმართეს, პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რატომ არ გაავრცელეს ეს ინფორმაცია იქამდე, ვიდრე ფორმულამ.
პაპუაშვილი ამბობს, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა საპასუხო მიმართვაზე და BBC-ის პოზიციას კვლავ გაასაჩივრებენ. ის ამტკიცებს, რომ BBC-სგან “დიდი იმედი არც ჰქონდათ”.
“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ BBC-ის პასუხი. რა თქმა უნდა, მათ წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მივყვებით ამ პროცედურებს, იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ, მათი პოზიცია, შიდა რეგულაციის მეორე დონეზე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, რომ როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, რომ შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ რამეს, თუმცა ჩვენ აუცილებლად მივყვებით ყველა პროცედურას, რომელიც, საბოლოო ჯამში, გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც რომელიმე უცხოური სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა, ასე რომ, აქაც ნახავთ მწარე მარცხს მათი მხრიდან”, – ამბობს ის.
BBC, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ოფიციალური საჩივრით მიმართა, ფორმულასთან ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა.
საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი