ამ განცხადების ავტორებს შორის არიან იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ჩართული იყვნენ საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში. ვგულისხმობ ესტონეთის, ლიეტუვის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილენი იყვნენ ოპოზიციის მხარეს,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, „მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და მის საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სუვერენიტეტის შელახვა მიუღებელია.
„როგორც ჩანს, ისინიც თვლიან, რომ ამ არჩევნებში დამარცხდნენ და ახლა ცდილობენ საგარეო ბერკეტების გამოყენებით გავლენა იქონიონ ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელი, არადემოკრატიული გზაა. ის გზა, რომელსაც ეს ქვეყნები რუსეთს სხვა ქვეყნებთან მიმართებით ედავებიან, რომ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა. როგორც ჩანს, იმდენად გართული არიან რუსეთთან ამ ბრძოლით, რომ თავად ნელ-ნელა რაღაც მეთოდებით რუსეთს ემსგავსებიან. აქ ვგულისხმობ სხვა ქვეყნის შიდა საკითხებსა და სუვერენიტეტში ჩარევას. ჩვენ 33 წლის წინ დამოუკიდებლობა ბრძოლით და სისხლით იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ დღეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. სამწუხაროა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები იმავე მენტალიტეტით მოქმედებენ საქართველოს მიმართ, რა მენტალიტეტსაც თავის დროზე სხვა დედაქალაქიდან აჩენდნენ. ახლა კითხვის ნიშანი ესმევა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პატიოსნებას, თუ რამდენად ერთგული არიან ისინი იმ სიტყვის, რომელსაც ისინი ხშირად სუვერენიტეტთან დაკავშირებით იმეორებენ, რომ პატივს სცემენ საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. ასეთი ტიპის განცხადებები ქმნის იმის აღქმას, რომ მათ სუვერენიტეტი მხოლოდ საკუთარი თავისთვის სჭირდებათ და სხვა ხალხის სუვერენიტეტს ძალიან ადვილად ლახავენ. ჩემი მოწოდებაა ყველა ქვეყნის მიმართ,რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, ეს არის საერთაშორისო წესრიგის საფუძველთა საფუძველი. რა თქმა უნდა, თუკი ისინი დაარღვევენ წესრიგზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, მერე არ უნდა გაუკვირდეთ, როდესაც სხვები ასეთ წესრიგს არღვევენ. მნიშვნელოვანია ყველამ დაიცვას წესები. სუვერენიტეტის შელახვა მიუღებელია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.