დღეს, სხვათა შორის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აფრიალა სქემა – არ ვიცი, რატომ უხაროდა ეს, მაგრამ 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე, ევროკავშირი უკრაინას დაეხმარა 180 მილიარდი ევროთი. ამავე დროს, ევროკავშირმა 310 მილიარდი გადაუხადა რუსეთს – სხვადასხვა პროდუქტში, ენერგორესურსებში და ა.შ., ანუ 130 მილიარდით მეტი ვიდრე უკრაინას. და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომელიც ამ ყველაფრისგან “ხელს ითბობს”, არ ეკუთვნით.
,,კაია კალასის მეუღლე რომ იყო რუსეთთან ვაჭრობაში ჩართული, მათ შორის, იმ საგნებში, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს რეპრესიებისთვის. ლიეტუვა გვეუბნება რამეს? ლიეტუვა, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო შეაქვს რუსეთში? ესენი საერთოდ რა მორალით გვესაუბრებიან? ჩვენს ქვეყანას, რომლის ორი რეგიონიც რუსეთს აქვს ოკუპირებული და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მხარს არასაკმარისად ვუჭერთ? სხვათა შორის, უკრაინის ხელისუფლების უმადურობაზე ვსაუბრობდი და დღეს ვნახე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გაეროში იმ ყველა წევრის მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ერთ-ერთ რეზოლუციას. ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის საქართველოც არის და ჩვენ გვიწოდებენ დე-ფაქტო, პრორუს ხელისუფლებას, თუმცა ჩვენს ხმებს კარგად ირგებენ და მადლობასაც არ გვიხდიან იმისთვის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, ამ პირობებში, გვერდით ვუდგავართ. ასე რომ, მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომელიც ამ ყველაფრისგან ხელს ითბობს, ნამდვილად არ გვეკუთვნის,”- განაცხადა პაპუაშვილმა.




