ჯო უილსონი, რომელიც საქართველოს და სალომე ზურაბიშვილის სახელს ნორმალურად ვერ წარმოთქვამს, ჩვენს ბედ-იღბალზე გადამკვდარი არ არის და ამის უკან ინტერესები დგას – დღეს უცხოეთიდან ცდილობენ ქართველები ნერვებზე ჰყავდეთ! – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ X-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც წერს, რომ “ჩვენ “MEGOBARI აქტი“ გვჭირდება“.
პაპუაშვილი უილსონის ფინანსურ ინტერესებზე საუბრობს. როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, პარტია “ნაციონალურ მოძრაობას“ ხელშეკრულება იმ კომპანიასთან აქვს დადებული, რომელიც ჯო უილსონის კამპანიისთვის შემოწირულობებს აკეთებს.
“ასე რომ, აშშ-ში მოქმედმა გამჭვირვალობის კანონმა, რუსულს რომ ეძახიან, აშშ-ს უშველა და არსებული ფინანსური კავშირები გაასაჯაროვა. ჩვენც ამერიკაში მოქმედი კანონით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ამ ფინანსური კავშირების შესახებ გაგვეგო. ისიც ნახეთ, რომ ცოტა ხანი წყვეტა იყო და ახალი ხელშეკრულება ამოქმედდა.
ეს ყველაფერი იმდენად ხელის გულზე დევს, რომ ყველაფერი გასაგებია. ეს არის ყოველდღიური ხმაურის შექმნა. ერთმანეთს ენაცვლებიან – ხან რომელიმე კონგრესმენია, ხან რომელიმე პარლამენტი, ხან რომელიღაც ქვეყნის ხელისუფლება იქნება. თან ერთმანეთს არ ემთხვევიან, რომ ყველაფერი ერთ დღეს მოხდეს. თითქოს კვირის განრიგი აქვთ გადანაწილებული, რომ დღეგამოშვებით მაინც იყოს რაღაც განცხადება, რომელიც ადგილობრივ აკაცუკებს წამოეშველება, რათა ქართველ ხალხს ნერვები უშალონ. ეს არის და მეტი არაფერი!
დღეს უცხოეთიდან ცდილობენ, რომ ქართველები ნერვებზე ჰყავდეთ და ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. როცა ამას უყურებ, რა ღირებულებებსა და რა ევროპაზეა საუბარი?! ადამიანები ქართველი ხალხის წინააღმდეგ მავნებლობენ! ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები მავნებლობენ.
ამაზე მეტი იმედგაცრუება რა უნდა არსებობდეს, როცა ამას ვხედავთ?!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჩვენ „MEGOBARI აქტი“ გვჭირდება! – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“250 დღის განმავლობაში, მამაცი ქართველი ხალხი ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ აპროტესტებს. ისინი ამ რეჟიმის მიერ მათი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთისთვის, თეირანის ტერორისტული რეჟიმისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის სრულად მიყიდვის დასრულებას მოითხოვენ. ჩვენ „MEGOBARI აქტი“ გვჭირდება!“, – წერს ჯო უილსონი.
