შალვა პაპუაშვილი: ხომ უნდოდათ ხელისუფლების დამხობა და რევოლუცია?

ხომ უნდოდათ ხელისუფლების დამხობა და რევოლუცია? რომ გაიმარჯვებდნენ, ერთი მეორეს დაასწრებდნენ იმის თქმას, იქ ვინ იყო და ვინ რა გააკეთა. დამარცხდნენ? – ახლა ამბობენ: „მე რა შუაში ვარ, იქ შემთხვევით აღმოვჩნდი, მეგონა, რომ სახელმწიფო დაცვა გასაღებს გამომაწვდიდა, მეტი არაფერი მინდოდა, სამედიცინო დახმარებას ვუწევდი, ასპირინი მივაწოდე“… – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „სამარცხვინოა, რომ ბრიუსელი საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ასეთ ადამიანებს ეყრდნობა“.

„[კონსტანტინე] ჩახუნაშვილი ჩვენთან რომ მედიცინის მუშაკად ფიგურირებს, თურმე ესტონელი „ენჯეოშნიკი“ ყოფილა და იქ აქვს NGO. რაში სჭირდება BBC-ის ყალბი და ცილისმწამებელი რეპორტაჟის ერთ-ერთ მოწმეს ესტონეთში NGO? აგვიხსნას, შემთხვევით უცხოეთიდან ფინანსებს ხომ არ იღებს, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამებისთვის.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის პროცესს – ყველაფერი ჩვენ თვალწინ არ იყო? ნეპალს, ბენზინის გადასხმას რომ გვიანონსებდნენ, ხომ გახსოვთ? „ნაცმოძრაობა“ და ორგანიზატორები ყოველდღე რომ იმეორებდნენ: „ნეპალი, ნეპალი, ნეპალი“ – ხომ გახსოვთ? ნეპალის და ბენზინის ძახილის შემდეგ ევროკომისიის პრესსპიკერს რომ ჰკითხეს ამ აქციაზე და სოლიდარული ვართო, ესეც ხომ გახსოვთ? შემდეგ ულტიმატუმი რომ მისცეს სახელმწიფოს, ესეც. თქვეს, რომ მორჩა, ხელისუფლება ჩვენია, რამდენიმე თანამდებობის პირი დაასახელეს ჩემი ჩათვლით და პაატა ბურჭულაძემ დაკავების ბრძანება გასცა – ეს ყველაფერი ხომ გახსოვთ? შემდეგ რომ მოუწოდეს, წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლის გასაღები ჩავიბაროთო, რას ფიქრობთ, გასაღები გასამრავლებლად უნდა წაეღოთ? რამდენიმე ათას ადამიანს, რომ ამას ეუბნები, ის რას იზამს, მივა და მიღება-ჩაბარების აქტს მიაწვდის, ხელი მოგვიწერეთო? ბრიუსელმა ამას თვალი დაუხუჭა, სოლიდარობა გამოუცხადა და წააქეზა. დღეს ხელისუფლების დამხობის, დაკნინების შესახებ ცდილობენ ააგორონ კამპანია. მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების [მეშვეობით] – სამი გოჭის ხუხულაში, ტალინში რომ არის დარეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

მედიცინის კონკრეტული მუშაკი [გიორგი ჩახუნაშვილი] ამბობს, რომ დახმარებას ვუწევდიო. თავის თავს და მის გვერდში მყოფებს რომ პატივს არ სცემს გავიგე, მაგრამ ქართველი ხალხი, რომ შტერი ვგონივართ? უნდა დავიჯეროთ, რომ სამედიცინო ჩანთით დარბოდა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა ვიღაცებს – მართლა შტერები ხომ არ ვართ აქ არა?

ხომ უნდოდათ ხელისუფლების დამხობა და რევოლუცია? რომ გაიმარჯვებდნენ, ერთი მეორეს დაასწრებდნენ იმის თქმას, იქ ვინ იყო და ვინ რა გააკეთა. დამარცხდნენ? – ახლა ამბობენ: „მე რა შუაში ვარ, იქ შემთხვევით აღმოვჩნდი, მეგონა, რომ სახელმწიფო დაცვა გასაღებს გამომაწვდიდა, მეტი არაფერი მინდოდა, სამედიცინო დახმარებას ვუწევდი, ასპირინი მივაწოდე“ – სამარცხვინოა, რომ ბრიუსელი საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ასეთ ადამიანებს ეყრდნობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანია საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები და გააუქმოს ან შეცვალოს რიგ კანონებში, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები