შალვა პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად – ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამათი თაღლითობის მფარველები არიან

პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად – უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომ , მ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.
ამასთან, პაპუაშვილი როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასახელებს.
„პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად.
ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომელიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმეს.
მანამდე კი იყო სხვა თაღლითობაც, რომელიც სასამართლოს განაჩენით დასრულდა, როდესაც ბანკიდან 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს. ამ სქემის გამო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 7-7 წელი მიესაჯათ, ბანკმა კი 3 მილიონი დოლარი ჯარიმა აღიარა და გადაიხადა.
სამი წლის წინ, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE), ეს თაღლითები, წევრებად მიიღო. ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ალიანსის მორალზე.
ახლა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ამ თაღლითების მხილების შემდეგ, თუ დაიტოვებენ წევრებად, თუ დადასტურდება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ALDE-ს წევრობა, უბრალოდ, იყიდეს.
ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან”,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.
„ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი – ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია“,- ნათქვამია განცხადებაში.